„ექსპერტიზის დასკვნით, ნარკოტესტირების შემდეგ გარდაცვლილი ლევან აბზიანიძის ორგანიზმში შარდმდენის კვალი აღმოჩნდა", - ამის შესახებ „ლიბერალს“ აბზიანიძის მეუღლემ მადონა ჯიქიამ განუცხადა.
გარდაცვლილის მეუღლის თქმით, გახდა თუ არა შარდმდენი გარდაცვალების მიზეზი, ამას, ექსპერტიზა ჯერ კიდევ იკვლევს.
მადონა ჯიქიას თქმით, მას პროკურორმა ქეთევან უზნაძემ განუცხადა, რომ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ლევან აბზიანიძეს გულის ქრონიკური იშემიური დაავადება ჰქონია და ის გულსისძარღვთა უკმარისობით, იშემიური ინსულტით გარდაიცვალა.
„მე, რა თქმა უნდა, უარვყავი. კაცს ქრონიკური დაავადება, რომ ჰქონოდა, აქამდე გვეცოდინებოდა. იანვრის შემდეგ არც დაულევია და თავს ძალიან კარგად გრძნობდა, გამოკვლევაზეც იყო, გულზე ექოსკოპია გადაიღო, იქ ხომ გამოჩნდებოდა თუ გულზე რაიმე ცვლილება ჰქონდა. მას ისეთი ცვლილებებიც კი არ ჰქონია, რომ რაიმე დამატებითი, განსაკუთრებული წამალი გამოეწერათ“, - ამბობს აბზიანიძის ქვრივი.
ის მეუღლის გარდაცვალების მიზეზად 3 აბი შარდმდენის მიღების გამო წნევის დაცემას ასახელებს.
„დაუვარდა წნევა, 3 ცალი შარდმდენის დალევის შემდეგ, გამოიფიტა ორგანიზმი, სითხისგან დაიცალა და ადამიანი გარდაიცვალა.
ჯიქია „ლიბერალთან“ საუბრისას განმარტავს, რომ მას ექსპერტიზის დასკვნა საკუთარი თვალით არ წაუკითხავს, რადგან ჯერ საქმეში არც მხარედ და არც დაზარალებულად არ არის ცნობილი, მაგრამ პროკურორმა მას ეს ინფორმაცია მაინც გააცნო.
მისი თქმით, დაზარალებულად ცნობის შესახებ განცხადებას მას პროკლურატურაში უკვე შეტანილი აქვს.
„დაინტერესებული ვარ იმით, რომ სიმართლე დადგინდეს, თუნდაც ერთ ადამიანსაც, რომ შეუმსუბუქდეს მდგომარეობა, მე ამით ვიგრძნობ შვებას, ჩემი ქმარი, რომ არ გაცოცხდება, ამას, უკვე შეგუებული ვარ“, - ამბობს გარდაცვლილი ლევან აბზიანიძის მეუღლე.
18 ივნისს ქუთაისში ნარკოტესტირების შემდეგ მოქალაქე ლევან აბზიანიძე გარდაიცვალა. როგორც, მაშინ, ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის წევრმა, გია ლომინაძემ განაცხადა, „ლიბერალთან“ საუბრისას განაცხადა, მას ნარკოლოგიური შემოწმებისთვის 3 აბი შარდმდენი დაალევინეს, კლინიკის დატოვების შემდეგ კი მან თავი შეუძლოდ იგრძნო და მალევე გარდაიცვალა.
ამასთან, შსს არ ადასტურებდა ინფორმაციას, რომ გარდაცვლილს ნარკოლოგიურში 3 აბი შარდმდენი დაალევინეს.
„ლიბერალი" საქართველოს პროკურატურის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც განუცხადეს, რომ ჯერ ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა არ აქვთ, რომლის მიხედვით გარდაცვალების მიზეზები დადგენა იქნება შესაძლებელი. ამიტომ, პროკურატურა დამატებითი ინფორმაციის გავრცელებისგან თავს იკავებს.