ეროვნული ბანკის პრეზიენტ გიორგი ქადაგიძის განცხადებით, მომავალში ლარის გაუფასურება მოსალოდნელი აღარ არის.
როგორც მან გადაცემა „არჩევანში" საუბრისას აღნიშნა, ერთადერთი გამოსავალი, რომ ლარის გამყარება შეუქცევადი პროცესი გახდეს გრძელვადიან პერიოდში, „დაკარგული მილიარდი დოლარის აღდგენაა, იქნება ეს ექსპორტის, ინვესტიციების, ტურიზმისა თუ ა.შ. ზრდით".
„დღეს განსხვავებული სიტუაციაა წინა თვეებთან შედარებით, რადგან დაკარგული მილიარდი დოლარი უკვე ასახულია ამ კურსში. შესაბამისად, შემცირებულია იმპორტი და ამ პირობებში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლარმა იპოვა ახალი წონასწორობის კორიდორი; სხვა თანაბარ პირობებში გაუფასურებას აღარ ველოდებით" - თქვა ქადაგიძემ.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ახალი გაცვლითი კურსით, ხვალიდან ერთი დოლარის ღირებულება 2.4086 ლარი იქნება.