არასრულწლოვანთა დასაცავად, იუსტიციის მინისტრი სისხლის სამართლის კოდექსში არსებული იმ ჩანაწერის გამკაცრებას გეგმავს, რომელიც არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირს კრძალავს. თეა წულუკიანის თქმით, ასეთი ფაქტების გამოაშკარავებისა და გამოძიების მექანიზმი უნდა დაიხვეწოს.
„სისხლის სამართლისკ კოდექსის ეს ჩანაწერი გოგონების დაცულობის გარანტიაა, რომ მათ ჰქონდეთ განვითარების უფლება და სრულწლოვანების შემდეგ თავად გადაწყვიტონ, ვისთან შექმნიან ოჯახს“, - თქვა წულუკიანმა.
მისი თქმით, ქალთა უფლებების შესახებ, ასევე ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ევროპული კონვენციის რატიფიცირებით ცვლილებები განხორციელდება, რომლებიც გააადვილებს იმ პირთა გამოააშკარავებას, რომლებიც არასრულწლოვანს ქორწინებაში შესვლას აიძულებენ.
„გამოაშკარავებისა და გამოძიების მექანიზმი უნდა დაიხვეწოს. დღეს არასრუწლოვანთან დე ფაქტო ქორწინებები ხდება, რომელსაც მას შემდეგ ვიგებთ, რაც ჩნდება ბავშვი, რომელის დასარეგისტრირებლად იუსტიციის სახლებში მიჰყავთ. ასე დგინდება, რომ მამაკაცს არასრულწლოვანთან ჰქონდა სქესობრივი კავშირი. გამოვლენილ ფაქტებს სამართალდამცავი ორგანოები მეტი სიმკაცრით უნდა გამოეხმაურონ. იუსტიციის სახლები ასეთი ფაქტების შესახებ ინფორმაციას სამართალდამცავ ორგანოებს უგზავნიან. უნდა დავხვეწოთ მექანიზმი, რომ პასუხი იყოს უმკაცრესი“, - თქვა მინისტრმა.