
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხვალ, 27 სექტემბერს სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხვალ 20 საათზე მარგველაშვილი ნიუ იორკში ქართულ დიასპორას შეხვდება.
გიორგი მარგველაშვილის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იგეგმება ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან.
პრეზიდენტი კონექტიკუტის შტატის ქალაქ ნიუ-ჰევენში სანაპირო დაცვის აკადემიაში (Coast Guards Academy) სიტყვით გამოვა და დაღუპული ქართველი კადეტების - სოსო მაკარიძის და ბესო გორჯოლაძის ხსოვნას პატივს მიაგებს.
გიორგი მარგველაშვილი 29 სექტემბერს ვაშინგტონს ეწვევა, სადაც დაგეგმილია შეხვედრები თხუთმეტამდე სენატორთან და კონგრესმენთან, მათ შორის არიზონას შტატის სენატორ ჯონ მაკკეინთან.
ვაშინგტონში პრეზიდენტი მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრეზიდენტებსა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან შეხვედრასაც გეგმავს.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუები საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან.
საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და საქართველოს პარლამენტის სხვადასხვა ფრაქციის წარმომადგენლები.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილის ვიზიტი აშშ-ში 2 ოქტომბერს დასრულდება.