NASA დღეს მარსის შემსწავლელი მისიის სამეცნიერო აღმოჩენის გამჟღავნებას გეგმავს. ამ თემამ თავის დროზე მითქმა-მოთქმა გამოიწვია - ბევრი ამტკიცებდა, რომ ამერიკის კოსმოსურმა სააგენტომ წითელ პლანეტაზე თხევადი წყლის კვალს მიაგნო.
დღევანდელ პრესკონფერენციას ლუხენდრა ოხაც დაესწრება - სტუდენტი, რომელმაც მარსზე წყლის შესაძლო არსებობის ნიშნები აღმოაჩინა.
„მარსის საიდუმლო ამოხსნილია“, - ესაა ერთადერთი, რასაც NASA-ში პრესკონფერენციამდე აცხადებენ.
სააგენტოს ადრეც მიუგნია გაყინული წყლის კვალისთვის მარსის პოლუსებზე, თუმცა მაშინდელი მოსაზრებებით, პლანეტა ცხოვრებისთვის შეუსაბამო იყო.
მარტში NASA-ს მეცნიერებმა განაცხადეს, რომ იმ თეორიის მტკიცებულებები ჰქონდათ, თითქოს მარსის ზედაპირის ერთ მეხუთედს ერთ დროს რამდენიმე მილის სიღრმის ოკეანე ფარავდა.
„თუ ისინი გამოაცხადებენ, რომ გაყინული ზედაპირის ქვეშ თხევადი წყალი აღმოაჩინეს, რაც ერთ-ერთია იმ თეორიებიდან, რომლებსაც წლების განმავლობაში ვისმენდით, ეს შეცვლის წარმოდგენას პლანეტის სიცოცხლისუნარიანობაზე“, - ამბობს დაგ მაკკუისტონი, NASA-ს მარსის პროგრამების ყოფილი ხელმძღვანელი.
მისი თქმით, ეს იქნება გამოწვევა, დაჩქარდეს ადამიანების ჩაყვანა მარსზე.
„ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რის წინაშეც მეცნიერები მუდმივად იდგნენ, კოსმონავტების საკმარისი წყლითა და ჟანგბადით უზრუნველყოფა იყო. ამ პრობლემის მოხსნა, თუ წყალი იქ ადგილზეა, სერიოზულად შეამცირებს ეკიპაჟების დატვირთვას“, - ამბობს მაკკუისტონი.
წყარო: The Guardian