დაქირავებულ მუშაკთა 78% აღნიშნავს, რომ უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში ზეგანაკვეთური სამუშაო არ გაუწევია, 7% კი ზეგანაკვეთურად თითქმის ყოველდღე მუშაობს. ასეთ შემთხვევებში, ზეგანაკვეთური შრომა 62%-ს არ უნაზღაურდება, 22%-ს ყოველთვის უნაზღაურდება, დანარჩენს კი პერიოდულად, - „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 70%-ს სამსახური არ აქვს.
მათი განმარტებით, ეს მაჩვენებელი მოიცავს სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეებს, მათ შორის სტუდენტებსა და პენსიონრებს და არ წარმოადგენს უმუშევრობის სტატისტიკის დათვლის მექანიზმს. მათი 53% დაინტერესებულია სამსახურის მოძიებით, თუმცა ბოლო ერთი თვის განმავლობაში სამსახურს უმუშევართა მხოლოდ მესამედი ეძებდა. ამასთან, გამოკითხულთა ნახევარზე მეტი ამბობს, რომ მზადაა, მუშაობა უახლოეს ორ კვირაში დაიწყოს.
„დასაქმებულთა თითქმის თანაბარი რაოდენობა დაქირავებული მუშაკია კერძო სექტორში ან საჯარო მოხელეა (ან სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებულ ორგანიზაციაშია დასაქმებული.) 13% თვითდასაქმებულია, 5%-ს საკუთარი ბიზნესი აქვს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებში დასაქმებულთა წილი კი 3%-ია.
2013 წელს ზეგანაკვეთურად გამოკითხულთა 50% მუშაობდა, 20% კი თითქმის ყოველდღე, ან კვირაში ერთხელ ან ორჯერ მაინც. ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების მაჩვენებელი 2013 წლის შემდეგ არ შეცვლილა. გამოკითხულთა 62% მაშინაც მიუთითებდა, რომ ზეგანაკვეთური შრომა არ უნაზღაურდება.
„საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოსთვის” საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა 2015 წლის აპრილი-მაისის პერიოდში „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით 1,867 ზრდასრული ადამიანი გამოიკითხა. პასუხების ცდომილების ზღვარი, საშუალოდ, 3.7%-ია. მონაცემები რეპრეზენტატულია მთელი საქართველოსთვის“, - ნათქვამია TI-ს კვლევაში.