შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ნარკოტიკული საშუალების ან ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით პირის გამოსაკვლევად წარდგენის ინსტრუქცია დაამტკიცა.
შსს-ს მინისტრის შესაბამისი ბრძანება (№725) 2015 წლის 30 სექტემბრით თარიღდება.
ბრძანების დანართის მე-3 მუხლში გამოსაკვლევად წარდგენის საფუძვლებია ჩამოთვლილი.
ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით მოსამსახურე უფლებამოსილია, პირი სამინისტროს საექსპერტო დაწესებულებაში გამოსაკვლევად წარადგინოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
ა) მოსამსახურე უშუალოდ შეესწრო პირის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შესაბამის მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტს;
ბ) მოსამსახურის მიერ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „დ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების დროს პირი ცდილობს მიმალვას ან თავს არიდებს კანონიერი მოთხოვნის შესრულებას და არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ პირმა მოიხმარა ან იმყოფება ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ;
გ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ან ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, სამინისტროს სსიპ – „112“-ში შესული შეტყობინება, ან უშუალოდ პოლიციისათვის პირდაპირი შეტყობინების გზით იდენტიფიცირებული წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაცია პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოდ მოხმარების შესახებ.
ბრძანება ასევე მოიცავს გამოსაკვლევად წარდგენის პროცედურებს. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, თუ მოსამსახურე უშუალოდ შეესწრო პირის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შესაბამის მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტს, ის სთავაზობს პირს, ნებაყოფლობით დათანხმდეს საექსპერტო დაწესებულებაში გამოსაკვლევად გადაყვანაზე.
თუ პირი საექსპერტო დაწესებულებაში ნებაყოფლობით გადაყვანაზე უარს აცხადებს, მოსამსახურე უფლებამოსილია, გამოიყენოს ადმინისტრაციული დაკავების ღონისძიება და იძულებით წარადგინოს პირი გამოსაკვლევად.
მე-6 მუხლში კი აღნიშნულია, რომ პირი უფლებამოსილია, მოსამსახურის მოქმედება გაასაჩივროს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ან სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ასევე, რაც შეეხება გამოკვლევის შედეგებს, პირი უფლებამოსილია, გამოკვლევის შედეგები გაასაჩივროს „ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1244-№278/ნ ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესით.
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის მიერ ხელმოწერილი ბრძანება ხვალიდან, 2015 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება.