შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული ნარკოტესტირებაზე პირის გადაყვანის ახალი ინსტრუქცია ნარკოტესტირების დღევანდელი პრაქტიკით გაგრძელების შესაძლებლობას იძლევა, - ამის შესახებ „ლიბერალს“ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) იურისტმა, გურამ იმნაძემ განუცხადა.
მისი თქმით, რაღაც მიმართულებებით ეს ბრძანება უფრო მეტად ნათელს ხდის ნარკოტესტირებაზე გადაყვანის პროცედურებს, თუმცა ბრძანების დანართის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის „გ" ქვეპუნქტი, ფაქტობრივად, ისევ იმავე მდგომარეობაში აყენებს ყველაფერს, „ამ ქვეპუნქტით ჩვეულებრივად შეეძლებათ სამართალდამცავებს, გააგრძელონ ის მავნე პრაქტიკა, რაც აქამდე არსებობდა".
მუხლში, რომელსაც იურისტი ახსენებს, აღნიშნულია, რომ პოლიციელი უფლებამოსილია, პირი საექსპერტო დაწესებულებაში გამოსაკვლევად წარადგინოს იმ შემთხვევაშიც, თუ არსებობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ან ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, სამინისტროს სსიპ – „112“-ში შესული შეტყობინება, ან უშუალოდ პოლიციისათვის პირდაპირი შეტყობინების გზით იდენტიფიცირებული წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაცია პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოდ მოხმარების შესახებ.
იმნაძე მიიჩნევს, რომ სწორედ ამ საფუძველზე მოხდება ყველაზე ხშირად პირის ნარკოტესტირებაზე გადაყვანა.
„ამ შემთხვევაში შეზღუდულად მოხდება ამ ოპერატიული ინფორმაციის გადამოწმება, შეუძლებელია, სასამართლოს წინაშე დაიკითხოს უშუალოდ კონფიდენტი, რომელმაც პოლიციელს ინფორმაცია ოპერატიულად მოაწოდა. მოსამართლეს და მეორე მხარეს, ვისი გადაყვანაც მოხდა, არ აქვს უფლება, რომ ამ ადამიანის სანდოობა ეჭვქვეშ დააყენოს, ეს არის პრობლემა“, - ამბობს იმნაძე.
„ლიბერალის" შეკითხვაზე, რამდენად აქვს სასამართლოში პოლიციელს ვალდებულება, დაასახელოს ინფორმაციის მიმწოდებლის ვინაობა, იმის დასადასტურებლად, რომ მას პირის ნარკოტესტირებაზე გადაყვანამდე ოპერატიული ინფორმაცია რეალურად ჰქონდა?
იმნაძე პასუხობს, რომ თუ ინფორმაცია კონფიდენტის მიერ არის მიღებული, მაშინ, პოლიციას არ აქვს ვალდებულება, დაასახელოს მისი ვინაობა.
„ამ შემთხვევაშიც კონფიდენტის ინტერესებიც არსებობს, რომ მისი ვინაობა და სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები იყოს დაფარული და არ გამჟღავნდეს“, - აცხადებს იმნაძე.
როგორც „ლიბერალთან“ საუბრისას იურისტი აღნიშნავს, ბრძანების ტექსტის შემუშავების პროცესში მათ შსს-თან კომუნიკაცია - გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ჰქონდათ, სადაც EMC-ს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ბრძანება, შეთავაზებული ფორმულირებით, ვითარებას რეალურად არ გააუმჯობესებდა.
მათი რეკომენდაციით, ნარკოტესტირებაზე გადაყვანა დამოკიდებული არ უნდა იყოს მხოლოდ იმაზე, რომ პოლიციელს ინფორმაცია აქვს პირის მიერ ნარკოტიკის მოხმარებაზე, არამედ იმ შემთხვევაზე, როდესაც პირი უშუალოდ ჩაიდენს სხვა სამართალდარღვევას.
„მაგალითად, თუ პირი არ დაემორჩილა პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას, ან საჭესთან ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფება, ასეთ შემთხვევებში, რა თქმა უნდა, გამართლებული იქნებოდა ნარკოტესტირებაზე გადაყვანა“, - აღნიშნავს იმნაძე.
EMC-ის იურისტი მიიჩნევს, რომ შს მინისტრის ეს ბრძანება უფრო მეტად შემუშავდა იმ მიზნით, რომ ხელისუფლებას ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ რეკომენდაციებზე რეაგირება მოეხდინა.
თუმცა, როგორც იმნაძე ამბობს, ვიზალიბერალიზაციის მესამე პროგრესანგარიშში, რეკომენდაციის სახით, ნარკოტესტირებაზე სასამართლო კონტროლის გაძლიერებაზეა საუბარი, თუმცა, იურისტის თქმით, ანგარიშში არაა დაკონკრეტებული, თუ როგორი ტიპის კონტროლზეა საუბარი.
„იქნებოდა ეს სასამართლოს წინასწარი ნებართვები თუ პოსტფაქტუმ, გადაყვანის საფუძვლიანობაზე სასამართლოს დამოწმება, ეს არ იყო დაკონკრეტებული. ამ შემთხვევაში, სახელმწიფოს ჰქონდა თავისუფლება, თავად შეერჩია გაძლიერებული სასამართლო კონტროლის რომელიმე მექანიზმი, თუმცა ამგვარ მექანიზმზე მან საერთოდ უარი თქვა და მხოლოდ ბრძანების ტექსტი შეიმუშავა“, - აცხადებს იმნაძე.