„სასამართლოს განჩინებით, არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა მოთხოვნა შპს „ტელეკომპანია საქართველოს", ლევან ყარამანიშვილის, გიორგი ყარამანიშვილისა და ნინო ნიჟარაძის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების თაობაზე“, - საქალაქო სასამართლო სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ 51% წილის მფლობელი კომპანიის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
„მოსარჩელემ სასამართლოს მომართა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების განცხადებით, რომელიც საქმის წარმოების წესის თანახმად, საქმის განხმხილველმა მოსამართლემ განიხილა. 2015 წლის 30 სექტემბერის განჩინებით, სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნა. კერძოდ, ყადაღა დაედო შპს "ტელეკომპანია საქართველოს" პარტნიორების წილებს: ლევან ყარამანიშვილის 60% წილსა და გიორგი ყარამანიშვილის 40% წილს; შპს "ტელეკომპანია საქართველოს" ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებსა და პარტნიორებს: ლევან და გიორგი ყარამანიშვილს დავის საბოლოო დასრულებამდე აეკრძალათ შემდეგი უფლებამოსილებები: საზოგადოების სახელზე არსებული ქონების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა; საზოგადოების წესდებაში ცვლილებების შეტანა; საზოგადოების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია; საწარმოს სახელწოდების შეცვლა; საწარმოს სამართლებრივი ფორმის შეცვლა; საწარმოს გადაწყვეტილების მიღების წესის შეცვლა; პარტნიორებისა და დირექტორისათვის (დირექტორატისათვის) საწარმოს მართვისა და ხელმძღვანელობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება; პარტნიორებისა და დირექტორისათვის (დირექტორატისათვის) ან მათი წარმომადგენლებისათვის მარეგისტრირებელ ორგანოში სარეგისტრაციო განაცხადის წარდგენა.
სასამართლო განმარტავს, რომ ყადაღის დადება არ ნიშნავს სარჩელის დაკმაყოფილებას. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი საქართველოს კანონმდებლობაში დანერგილია განვითარებული ევროპული ქვეყნების საკანონმდებლო პრაქტიკის გათვალისწინებით. მსგავსი შინაარის განცხადებებს სასამართლო განიხილავს ყოველდღიურად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ იხილება მისი შემოტანიდან 1 დღის ვადაში, მოპასუხისათვის შეუტყობინებლად. სარჩელის უზრუნველყოფის მიზანია ქონების მოსალოდნელი გასხვისების თავიდან აცილება, რათა სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში არ გაძნელდეს გადაწყვეტილების აღსრულება. სწორედ ამიტომ, კანონი ადგენს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა მოხდეს მოპასუხისთვის შეუტყობინებლად. სარჩელის უზრუნელყოფის მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ დავის მატერიალური ობიექტის შენარჩუნების გზით სასამართლო გადაწყვეტილება მომავალში აღსრულებადი გახდეს.
სასამართლოს განჩინება, რომელიც ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას, შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში განჩინების ასლის მხარისათვის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
სასამართლოს დასაბუთებული განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, მოპასუხე მხარეს ჯერ არ ჩაბარებია, განჩინების გასაჩივრების ვადები ძალაშია და არ არის ამოწურული სამართლებრივი მექანიზმები. სასამართლო მოუწოდებს მხარეებს დარჩნენ სამართლებრივ სივრცეში და თავი შეიკავონ მცდარი და დეზინფორმაციული განცხადებებისაგან.
თბილისის საქალაქო სასამართლო გმობს პირდაპირ ეთერში მოსამართლის მიმართ გაჟღერებულ მუქარისა და ზეწოლის შემცველ განცხადებებს. სასამართლო მოპასუხე მხარის წარმომადგენლის განცხადებებს მიიჩნევს პირდაპირ ზეწოლად მოსამართლეზე და მართლმსაჯულების განხორციელებაზე ხელის შეშლის მცდელობად. სასამართლო პროცესები ღიაა და საჯარო. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მათ შორის დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საშუალება აქვთ თვალყური ადევნონ სასამართლო სხდომების მიმდინარეობას. სასამართლოში საქმისწარმოება შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპის სრული დაცვით ხორციელდება”, - ნათქვამია განცხადებაში.