გაეროს ციფრული ტექნოლოგიების განვითარების კომისიამ ქალთა და გოგონათა მიმართ ონლაინძალადობის შესახებ მამხილებელი დასკვნა გამოაქვეყნა. კომისიის ანგარიშის მიხედვით, ეს პრობლემა პანდემიური ხასიათისაა, - ნათქვამია Washington Post-ის სტატიაში.
გაერო სთავაზობს მთავრობებსა და სოციალურ ქსელებს ამ მიმართულებით პოლიტიკის რადიკალურ და პროაქტიულ ცვლილებებს, სრულიად ახალ ხედვას - თუ როგორ უნდა იმუშაოს ინტერნეტმა.
აშშ-ის კანონმდებლობით, ისეთი პლატფორმები, როგორებიცაა Facebook და Twitter, არ არიან პასუხისმგებლები, თუ რას აკეთებენ ქსელში ჩართული ადამიანები. გაეროს წინადადებით, სოციალურმა ქსელებმა უნდა გააკონტროლონ ყველა პროფილი და პოსტი, ხოლო მთავრობებმა მხოლოდ მათ მისცენ ლიცენზია, ვინც ამ პრინციპით მუშაობას დასთანხმდება.
„ქალებისა და გოგონების უსაფრთხოების დაცვა ყველა დროის პრიორიტეტი უნდა იყოს, არა მხოლოდ მათთვის, ვინც კონტენტს ქმნის, არამედ ნებისმიერისთვის, ვინც რამე როლს თამაშობს ტექნოლოგიური გარემოსა და ციფრული საზოგადოების ფორმირებაში“, - ნათქვამია გაეროს ანგარიშში.
გაეროს სპეციალისტები ასკვნიან, რომ პოლიტიკურმა და ოფიციალურმა პირებმა უნდა გამოიყენონ მათი პრეროგატივა და მხოლოდ იმ ოპერატორებსა და საძიებო სისტემებს მისცენ ლიცენზია, რომლებიც მეთვალყურეობას გაუწევენ კონტენტსა და მის გავრცელებას.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გაეროში მიაჩნიათ, რომ ონლაინპლატფორმები მათი მომხმარებლების ქცევაზე პასუხისმგებლები უნდა გახდნენ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - დაიცვან დანარჩენი მომხმარებლები მოძალადეებისგან.
აშკარაა, რომ ამ ინიციატივის იმპლიმენტაციამ შესაძლოა, ლიბერტარიანული და სრულიად თავისუფალი ინტერნეტი დარეგულირებულ სოციალურ ნორმებად აქციოს.
„ამგვარი ანგარიშები ნათელს ხდის, რომ იმ პლატფორმების შემქმნელებს, რომლებსაც ჩვენ ვიყენებთ, არ გაუთვალისწინებიათ ის წინააღმდეგობები, რომლებსაც ქალები ინტერნეტში აწყდებიან. ჩვენ ვიყენებთ ხელსაწყოებს, რომლებიც არ იყო მორგებული ჩვენზე და მის შემქმნელებს სხვა ღირებულებები და პრიორიტეტები ჰქონდათ", - აღნიშნავს Washington Post.
წყარო: The Washington Post