
მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს მოქმედ მასწავლებლებს, მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსები მიენიჭათ.
ქვეყნის მასშტაბით პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 45 434 პედაგოგმა მიიღო. უფროსი მასწავლებლის სტატუსი - 15 236-მა, ხოლო წამყვანი მასწავლებლის 151-მა.
მასწავლებლებისთვის განკუთვნილი სერტიფიკატები ორი თვის ვადაში გადაეცემა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს- საგანმანათლებლო რესურსცენტრებს, რომელშიც პედაგოგები არიან დასაქმებულები.
სავალდებულო აქტივობები და საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებიც მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსების მისანიჭებლადაა საჭირო, მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის #76 დადგენილებით არის დამტკიცებული.
სქემის მიხედვით, პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი ენიჭება მასწავლებელს, რომელიც გეგმავს და წარმართავს საგაკვეთილო პროცესს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად.
უფროსი მასწავლებლის სტატუსი ენიჭება მათ, რომლებიც პრაქტიკოსი მასწავლებლის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, საგნობრივი და მეთოდური კომპეტენციები კი შესაბამისი სერტიფიკატით აქვს დადასტურებული.
წამყვანი მასწავლებელი კი აკმაყოფილებს უფროსი მასწავლებლისთვის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს, თავისი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის საფუძველზე შეიმუშავებს საგნის სწავლების ეფექტიან სტრატეგიებს და სასწავლო რესურსებს, შედეგებს კი კოლეგებს უზიარებს.
მენტორი მასწავლებლის სტატუსი კი ენიჭება მასწავლებელს, რომელიც აკმაყოფილებს წამყვანი მასწავლებლისთვის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს, შეიმუშავებს რეკომენდაციებს სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის. ამასთანავე, არის სხვა მასწავლებლების კონსულტანტი, ხელმძღვანელობს სტუდენტებისა და დამწყები მასწავლებლების პედაგოგიურ პრაქტიკას.