სამხრეთ კავკასიის გაზსადენების სისტემის გაფართოების (SCPX) პროექტისთვის, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ხეების მოჭრის უფლება გაიცა.
როგორც საქართველოს მთავრობის №2080 განკარგულებაშია აღნიშნული, საუბარია „წითელ ნუსხაში“ შესული 279 ძირი პატარა თელადუმის, 44 ძირი კაკლის ხისა და 29 ძირი მაღალმთის მუხის მოჭრაზე.
განკარგულებით, აღნიშნული უფლება „სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოს“ მიეცა.
დოკუმენტის თანახმად, განკარგულების ძალაში შესვლიდან ორი თვის ვადაში, აღნიშნული კომპანია ვალდებულია, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგინოს საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცულ მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებით ბიომრავალფეროვნებისათვის მიყენებული ზიანის დეტალური საკომპენსაციო ქმედებების პაკეტი.