შვედეთის აკადემია დღეს ლიტერატურის დარგში 2015 წლის ნობელის ლაურეატს გამოავლენს.
წელს გამარჯვებას სვეტლანა ალექსიევიჩს, ბელორუსიელ გამომძიებელ ჟურნალისტს უწინასწარმეტყველებენ, რომელიც Ladbrokes-ზე 3/1 მაჩვენებლით რეიტინგის სათავეშია.
მეორე და მესამე ადგილებს რეიტინგში, შარშანდელის მსგავსად, იაპონელი მწერალი ჰარუკი მურაკამი და კენიელი მწერალი ნგუგი ვა თჰიონგო ინაწილებენ.
„თებერვალში ნობელის კომისია 200-ზე მეტ ნომინაციას ამუშავებს. პროცესში ძირითადად აკადემიის თანამშრომლები მონაწილეობენ, გარეშე ექსპერტებს თარგმანების, განცხადებებისა და მსგავსი საკითხებისთვის ვქირაობთ. თავდაპირველად, დაახლოებით 20 ავტორის სია დგინდება, საიდანაც მაისში ფინალისტების 5-კაციან შორთლისტს ვირჩევთ. აკადემიას მთელი ზაფხული აქვს 5-ვე ავტორის ნამუშევრების საფუძვლიანად შესასწავლად. სექტემბრის შუა რიცხვებში კომისია კვლავ იკრიბება და ოქტომბრის დასაწყისისთვის უკვე გამარჯვებულის ვინაობას ვათანხმებთ“, - განმარტავს შვედეთის აკადემიის მუდმივი მდივანი პიტერ ენგლუნდი.
აკადემია ყოველთვის ცდილობს გამარჯვება ნომინანტებს ოფიციალურ გამოცხადებამდე ნახევარი საათით ადრე აუწყოს.
შარშან ლიტერატურული ნობელის პრემიის ლაურეატი ფრანგი ავტორი პატრიკ მოდიანო გახდა.