საქართველოს მთავრობამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორის ოფისს მიმდინარე წლის მარტში აცნობა, რომ ეთნიკური ქართველების სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებასთან დაკავშირებული გამოძიება გაურკვეველი დროით შეჩერებულია, - ამის შესახებ ჰააგის პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყების თაობაზე შუამდგომლობის მოკლე შინაარსშია ნათქვამი, რომლის ქართულ თარგმანსაც თავად სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) აქვეყნებს.
პროკურორის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციაში გამოძიება ჯერ გრძელდება, საქართველოს შემთხვევაში კი პროცესი შეფერხდა.
„წინამდებარე განაცხადის დრო დიდად იყო განპირობებული დასაშვებობის კრიტერიუმის საკითხებით, რადგან ის უკავშირდება ეროვნული პროცედურების შედეგებს. პროკურორის ოფისი, ხაზს უსვამს, რომ მდგომარეობა საქართველოში 2008 წლის 14 აგვისტოდან არის წინასწარი შესწავლის ქვეშ. პროკურორის ოფისი აცხადებს, რომ გარკვეული პერიოდი რუსეთისა და საქართველოს კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოები აწარმოებდნენ გამოძიებას ამ დანაშაულების ჩამდენი ყველაზე მეტად პასუხისმგებელი პირების მიმართ, რომლებიც წარმოადგენენ ზემოთ ხსენებული განაცხადის საგამოძიებო სუბიექტებს. საგამოძიებო ღონისძიებები, თანმხლები სირთულეებისა და დაყოვნებების მიუხედავად, გარკვეული და პროგრესული ნაბიჯით მიიწევს წინ სავარაუდო დანაშაულების ჩამდენი პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასადგენად. თუმცა, ცოტა ხნის წინ ეროვნული სამართალწარმოება საქართველოში შეჩერდა. ამა წლის მარტში პროკურორის ოფისის მიერ მოთხოვნილ ინფორმაციაზე, საქართველოს მთავრობამ ოფიციალური წერილის მეშვეობით აცნობა, რომ ეთნიკური ქართველების სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებასთან დაკავშირებული გამოძიება გაურკვეველი დროით შეჩერებულია. არ არსებობს მოლოდინი, რომ გამოძიება ეროვნულ დონეზე განახლდება და არც რომელიმე სხვა სახელმწიფო აწარმოებს გამოძიებას აღნიშნულ საქმეზე, შესაბამისად, პროკურორის ოფისის შეფასების მიხედვით, სახელმწიფოს უმოქმედობის გამო, ეთნიკური ქართველების იძულებით გადაადგილებასთან დაკავშირებულ პოტენციურ საქმეზე გამოძიების დაწყება, პროკურორის ოფისისთვის დასაშვები იქნება", - ნათქვამია პროკურატურის შუამდგომლობაში.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ სამშვიდობოების და მათი ობიექტების მიმართ განზრახ მიმართულ თავდასხმასთან დაკავშირებული პოტენციური საქმე ამ ეტაპზე ნაწილობრივ იქნება დასაშვები.
„ქართველ სამშვიდობოებზე თავდასხმის თაობაზე ქართველმა ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ საქართველოში 2008 წლის აგვისტოში ჩადენილი ომის და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა ეროვნული გამოძიება შეჩერებულია. პროკურორის ოფისის შეფასებით, აღნიშნული ქმედებები აკმაყოფილებს სიმძიმის კრიტერიუმს. რუსულ სამშვიდობოებზე თავდასხმაც აკმაყოფილებს სიმძიმის კრიტერიუმს. რუსეთის კომპეტენტური ორგანოები განაგრძობენ ეროვნულ დონეზე გამოძიებას. ამ ეტაპზე გამოძიების სურვილის არქონა ან გამოძიების უუნარობა რუსეთის მხრიდან არ გვაქვს. აღნიშნული შეფასება კიდევ ერთხელ გადაიხედება იმ შემთხვევაში, თუ გამოძიების უფლება გაიცემა", - ნათქვამია შუამდგომლობაში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პროკურორის ოფისმა გაიზიარა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებში ხელახლა გამოთქმული თვალსაზრისი, რომელიც მოუწოდებს სავარაუდო ომის დანაშაულების და ადამიანთა უფლებებისა და ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევის ფაქტების დამოუკიდებელი გამოძიებისაკენ. ამასთანავე, საქართველოს და რუსეთის თანამომხსენებლებმა მხარი დაუჭირეს 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის კონტექსტში ჩადენილი დანაშაულების საერთაშორისო გამოძიებას, რაც ხალხის ინტერესს მოემსახურება, თუკი ჩატარდება გამჭვირვალედ.
„მაშინ, როდესაც დაძაბულმა უსაფრთხოების და პოლიტიკურმა გარემომ შეიძლება საქართველოს ეროვნულ გამოძიებას გარკვეული სირთულეები შეუქმნას, პროკურორის მანდატის ფარგლებში და ასევე სტატუტის მიზნებდან გამომდინარე, დანაშაულების სიმძიმის და დაზარალებულთა ინტერესების გათვალისწინებით, პროკურორის ოფისის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, არ არსებობს საფუძველი, რომ მივიჩნიოთ, რომ გამოძიების დაწყება არ წაადგება მართლმსაჯულების ინტერესებს", - წერს პროკურორი.