თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის განვითარების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელები, გიორგი საბანაძე და სერგო ქავთარაძე უდანაშაულოდ ცნო. მათ ბრალად კომპანია „არტესის" მფლობელებისთვის სახელმწიფო სახსრებიდან მილიონობით ლარის თაღლითური გზით გადაცემა ედებოდათ.
გამოძიება სს კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობდა, რაც რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს მიერ 2013 წელს გავრცელებული ინფორმაციით, 22 სექტემბერს ინტერპოლის თბილისის ბიუროდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, იტალიაში, ქ. ფლორენციაში სამართალდამცველებმა წითელი ცირკულარით ძებნილი, 1974 წელს დაბადებული გიორგი საბანაძე დააკავეს.
„გიორგი საბანაძე ინტერპოლის წითელი ცირკულარით დაკავების და ექსტრადიციის მიზნით საერთაშორისო ძებნაში 2013 წლის 19 აგვისტოდან იმყოფებოდა. მას ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რაც გულისხმობს ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით მითვისება-გაფლანგვას" - აღნიშნავდა შსს 2013 წელს გავრცელებულ განცხადებაში.
2013 წელს საბანაძე იტალიის სასამართლომ გაათავისუფლა.