„რაც შეეხება სავარაუდო თავდასხმას რუსეთის სამშვიდობო ძალებზე, ეს ვერ იქნება განხილული ICC-ის მიერ, ვინაიდან რუსეთის ხელისუფლება ჯერ კიდევ აგრძელებს შიდასახელმწიფოებრივ გამოძიებას ამ საკითებზე“, - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ თბილისში პრესკონფერენციაზე 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ გამოძიების მოთხოვნის მიზეზებსა და ამჟამიდნელ ვითარებაზე ისაუბრა.
„2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ ჩემმა სამსახურმა დაიწყო წინასწარი მოკვლევა მომხდარი ფაქტების შესახებ. ამ მოკვლევის მიზანი არის მე როგორც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორმა უნდა დავიწყო თუ არა ამ კონფლიქტის დროს სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულებების გამოძიება.
ჩემმა სამსახურმა შეაგროვა ინფორმაცია იმ სავარაუდო დანაშაულების შესახებ, რომლებიც სავარაუდოდ ჩადენილია შეიარაღებული კონფლიქტის მხარეთა მიერ, რომლებიც გახლავთ სამხრეთ ოსეთის ძალები, რუსეთის შეიარაღებული ძალები და საქართველოს შეიარაღებული ძალები. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო არის რომის სტატუტის წევრი ქვეყანა, ჩვენ გვაქვს უფლებამოსილება გამოვიძიოთ სავარაუდო დანაშაულები, რომლებიც ჩადენილია ნებისმიერი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე, განურჩევლად დამნაშავის მოქალაქეობისა. ჩვენ დავაფიქსირეთ ომის დანაშაულებები და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებები, რომლებზეც სასამართლოს აქვს უფლებამოსილება რომ გამოიძიოს, კერძოდ: მკვლელობები, იძულებითი გაუჩინარება და დევნა ეთნიკურად ქართველი მოსახლეობისა, მათი ქონების განადგურება და ძარცვა, ჩადენილი ოსეთის ძალების მიერ, რომელშიც შესაძლოა მონაწილეობას იღებდნენ რუსეთის ძალები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დაახლოებით 15 000 ეთნიკურად ქართველი მოსახლე იქნა იქიდან გამოძევებული, რაც სამხრეთ ოსეთში მანამდე არსებული მოსახლეობის 75%-ს შეადგენს. ეს, ჩემი აზრით, წარმოადგენს დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ.
გარდა ამისა, ჩვენ ომის შესაძლო დანაშაულად მიგვაჩნია სამხრეთ ოსეთის ძალების მიერ საქართველოს სამშვიდობოებზე შეტევის მიტანა და საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის სამშვიდობოებზე შეტევის მიტანა.
ICC არის ბოლო საშუალება. ის საქმეში ერთვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ხელისუფლებას არ აქვს სურვილი ან უნარი ჭეშმარიტად გამოიძიოს და დევნა აწარმოოს ამა თუ იმ ქმედებაზე. ამჟამად სავარაუდო დანაშაულები, რომლებიც დაკავშირებულია ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის იძულებით გადასახლებასთან, აგრეთვე სავარაუდო დანაშაულები ქართველი სამშვიდობოების წინააღმდეგ არის დასაშვები. ეს იმას ნიშნავს, რომ ICC-ს შეიძლება ჰქონდეს უფლება განიხილოს ამ ორი ტიპის დანაშაულები, ვინაიდან ამ საკითხზე საქართველოში ეროვნული შიდასახელმწიფოებრივი სამართალწარმოება ამ დროისათვის შეჩერებულია“, - ამბობს პროკურორი.
რაც შეეხება ქართველი ჯარისკაცების მიმართ არაადამიანური მოპყრობასა და წამებას, ბენსუდას თქმით, ეს თემა იყო განხილული საქართველოს იუსტიციის მინისტრთანაც.
„ჩვენ მივმართეთ სასამართლოს შუამდგომლობით და ამ შუამდგომლობაში არის აღწერილი ეს ინფორმაცია, მაგრამ არასრულად. ჩვენი მიზანი იყო დაზარალებულებისთვის გვეცნობებინა, რომ მათ აქვთ საშუალება გამოთქვან მოსაზრება ჩემს მიერ შეტანილ შუამდგომლობაზე და ამის შემდეგ მათ ექნებათ შესაძლებლობა ჩემს ოფისსაც და მოსამართლეებსაც მიაწოდონ ის ინფორმაცია, რისი სურვილიც მათ ექნებათ. ამ საკითხებში ჩაძიების საშუალება მე მექნება მას შემდეგ, რაც მივიღებს ამის ნებართვას მოსამართლეებისგან. უნდა აღინიშნოს, რომ ინფორმაცია, რომელიც მე წარვუდგინე სასამართლოს არის ჩემთვის მოწოდებული ინფორმაციები და არა ჩემი გამოძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია. როცა მე მივიღებ ავტორიზაციას მოსამართლეებისგან, მე ჩემს ოფისთან ერთად ჩავატარებ დამოუკიდებელ გამოძიებას. მხოლოდ მას შემდეგ შემეძლება კონკრეტულ კითვებზე მქონდეს პასუხები“, - ამბობს ბენსუდა.
პროკურორის თქმით, ის საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობით კმაყოფილია, რადგან ისინი ყოველგავრ ინფორმაციას აწვდიან, მოწესრიგებულია მათთან კომუნიკაციაც.