„ჩემი ცოლის დაქალების“ მე-8 სეზონის პირველი სერიის გადაღებისთვის, თავდაცვის სამინისტრომ შპს „ფორმულა პროესკო ფროდაქშენს“ სხვადასხვა ტიპის საბრძოლო ტექნიკა და მასალა გამოუყო.
მთავრობის 2015 წლის 12 ოქტომბრის №2183 განკარგულების მიხედვით, „ფორმულა პროესკო ფროდაქშენისთვის“ გამოყოფილი მასალების ჩამონათვალი ასეთია:
ტანკი „T-72“ – 1 ცალი;
ავტომანქანა „კრაზი“ – 2 ცალი;
ტოიოტა „ჰაილუქსი“ – 1 ცალი;
აკმ-ის ფუჭი ვაზნა - 300 ცალი;
ლპს-ის ფუჭი ვაზნა - 100 ცალი;
საველე ფორმა (ხალათი, შარვალი, კეპი, მაისური, ქამარი, მაღალყელიანი ფეხსაცმელი) - 3 ცალი;
M-4-ის ფუჭი ვაზნა - 1000 ცალი;
THR-0,454 გ-იანი ბლოკი (ტროტილი) - 20 ცალი;
კაფსულა დეტონატორის კდ-8 (ალუმინის გარსით) – 70 ცალი;
ტორტილი (პლასტიდი PHF-89) – 1 ცალი;
სადეტონაციო ზონარი M-456 – 100 მეტრი;
საკვამლე კოჭა M-18 -20 ცალი;
საკვამლე კოჭა (თეთრი) – 24 ცალი;
როგორც განკარგულებაშია აღნიშნული, „ფორმულა პროესკო ფროდაქშენმა“, სამინისტროს აღნიშნული დახმარების სანაცვლოდ, 2 301 ლარი გადაიხადა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის აპრილში თავდაცვის სამინისტრომ მსგავსი სახის მასალა ტელეკომპანია GDS-საც გადასცა.
როგორც შესაბამისს განკარგულებაში იყო აღნიშნული, თავდაცვის სამინისტრო „სათანადო დახმარებას“ GDS-ს სერიალ „ტიფლისის“ მეორე სეზონის და ასევე, ახალი მრავალსერიანი ფილმის „ქერჩის“ გადაღების მიზნით გადასცემდა.
„ჩემი ცოლის დაქალებისთვის“ მასალის გადაცემის შესახებ გამოცემული განკარგულებისგან განსხვავებით, GDS-ის განკარგულებაში მითითებული არ იყო, თავდაცვის სამინისტრო აღნიშნული მომსახურებისთვის ტელეკომპანია GDS-სგან თანხას მიიღებდა თუ არა.
როგორც მოგვიანებით „ლიბერალისთვის“ გახდა ცნობილი, GDS-მა თავდაცვის სამინისტროსგან მიღებულ რესურსში 293 ლარი გადაიხადა. ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც „ლიბერალმა“ თავდაცვის სამინისტროდან გადახდის ქვითარი მიიღო. აღნიშნული საჯარო ინფორმაცია „ლიბერალმა“ 29 აპრილს გამოითხოვა, თანხა კი GDS-მა 15 მაისს გადაიხადა. GDS-სთვის „სათანადო დახმარების" შესახებ განკარგულება მთავრობამ 24 აპრილს გამოსცა.