თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველი ბრიგადის ჯარისკაცის გარდაცვალების საქმეზე გამოძიებას სამოქალაქო ორგანოები აწარმოებენ.
როგორც გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ვინაიდან შემთხვევა სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე არ მომხდარა, საქმეს თავდაცვის სამინისტროს საგამოძიებო სამსახური არ იძიებს.
„პიროვნება მსახურობდა პირველ ბრიგადაში. თითოეული ახალგაზრდა სამხედროს დაღუპვა ძალიან სამწუხაროა, ვუსამძიმრებ ოჯახის წევრებს. ვინაიდან ახალგაზრდა დაიღუპა არა სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე, გამოძიებას შესაბამისი სამოქალაქო ორგანოები აწარმოებენ", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.
რაც შეეხება ჯარში თვითმკვლელობის შემთხვევებს, კაპანაძის განმარტებით, თავდაცვის სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რათა მსგავსი ფაქტები შემცირდეს.
მისი თქმით, ყველა დანაყოფში არის მოძღვრის ინსტიტუტი, ასევე შექმნილია ფსიქოლოგიური სამსახური, რომელიც აწარმოებს ჯარისკაცების შესახებ ინფორმაციის მოკვლევას და გასცემს გარკვეული ტიპის რეკომენდაციებს.
საქართველოს შეირაღებული ძალების ჯარისკაცმა თავი მოიკლა. შემთხვევა თბილისში, გუშინ მოხდა. ჯარისკაცი ხიდიდან გადახტა.
როგორც თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა მიმდინარე წლის სექტემბერში განაცხადა, ჯარისკაცები აზარტული თამაშებით არიან დაკავებულები, აქვთ ვალი და შემდეგ ამის კვალობაზე სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებენ.
მისივე თქმით, თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო თუ სამხედრო თანამშრომლები აზარტული თამაშების პირველივე შემთხვევის გამო შეიარაღებული ძალებიდან გათავისუფლდებიან.
„ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავატაროთ პრევენციული ღონისძიებები იმისათვის, რომ ასეთი შემთხვევები ან საერთოდ აღარ იყოს ჯარში, ან მინიმალიზაცია მოვახდინოთ. სწორედ ამიტომ, თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, პოლიტიკა, რომელიც აქამდე არსებობდა, რადიკალურად შეიცვლება და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არ დავუშვათ მსგავსი ფაქტები", - აცხადებს ხიდაშელი.
ხიდაშელმა, ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი სახის მიდგომა იმოქმედებს ნარკოტიკების მოხმარებისა და სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე სიმთვრალის შემთხვევაშიც.
„ნარკოტიკებზე დამოკიდებულებასთან მიმართებაში, ასევე აბსოლუტურად უკომპრომისო იქნება და პირველივე შემთხვევაში ნებისმიერი ასეთი პირი გათავისუფლდება შეიარაღებული ძალებიდან და თავდაცვის სამინისტროდან და სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე სიმთვრალის შემთხვევაშიც ანალოგიური ღონისძიებები გატარდება", – განაცხადა თინა ხიდაშელმა.