„ქალი შრომობდა და მამაო ჯიპიდან ჭკუას არიგებდაო - ქართული მართლმადიდებლური ანდაზა“, „ჯიპზე ამხედრებული სამღვდელოება - ეს არის მანკიერება“, „მიგრანტი ქალი - გმირი ქალი“, - ამ პლაკატებით ხელში „ქალთა მოძრაობის“ წევრები და მოქალაქეები საპატრიარქოსთან შეიკრიბნენ.
აქციის მონაწილეები პატრიარქის ქადაგების იმ ნაწილს აპროტესტებდნენ, სადაც ილია მეორე მიგრანტი ქალების შრომას მანკიერს უწოდებს და ქალებს შვილების „უპატრონოდ“ დატოვებაში ადანაშაულებს.
„დღეს შემოვიდა საქართველოში მანკიერი წესი. დედები ტოვებენ თავიანთ ოჯახებს, მიდიან უცხოეთში და ქმარ-შვილი უპატრონოდ რჩებათ“, - ამბობს პატრიარქი საკვირაო ქადაგებაში.
ქალთა მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ მიგრანტი ქალები უმძიმესი შრომის ფასად საქართველოში ოჯახებს არჩენენ და მიუღებელია საპატრიარქო მათ შრომას მანკიერს უწოდებდეს. აქციის მონაწილეები ასევე ხაზს უსვამენ, რომ პატრიარქის ქადაგებები და ეპისტოლეები ხშირად გამოირჩევა ქალთმოძულეობით.
„მიუღებელია ისეთი ძლიერი ინსტიტუტი, როგორიც ეკლესიაა, და იმ გავლენის მქონე ადამიანი, როგორიც პატრიარქია, ქალების მიმართ სიძულვილის ტირაჟირებას უწყობდეს ხელს. ეს სახიფათოა ქალებისთვის, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც მაღალია ქალების მკვლელობების და ქალთა ძალადობის სტატისტიკა. ამ ქალებს ხშირად არ აქვთ არჩევანი. ძალიან ცინიკური და უტიფარი განცხადებაა, როცა მოოქროვილი სავარძლიდან ეუბნები ამ ქალებს, რომ თურმე სახლში, შვილებთან ყოფნა კარგია. მას არ აქვს უფლება, ამ ქალებს ასე ელაპარაკოს“, - ამბობს „ქალთა მოძრაობის“ წევრი იდა ბახტურიძე.
საპატრიარქოს ჭიშკართან პლაკატებით ხელში შეკრებილი აქციის მონაწილეები ფიქრობენ, რომ პატრიარქმა თავისი განცხადებით მიგრანტ ქალებს და მათ ოჯახებს შეურაცხყოფა მიაყენა.
„მანკიერ თვისებაზე იყო ლაპარაკი. რადგან ქალი მიდის, ოჯახს ტოვებს, პატრიარქი ფიქრობს, რომ ის თავის ღირებულებებს კარგავს და არ არის კარგი ქართველი ქალი. იმას არავინ ფიქრობს, რისთვის მიდიან ეს ქალები, რომ ისინი რეალურად ოჯახებს ინახავენ. ეს ისეთი განცხადებაა, როცა არ იცი, რეალურად რა ხდება, რა სიტუაციაა ქვეყანაში, როგორ უჭირს ადამიანებს და აკეთებ ზედაპირულ განცხადებას. მეც მაქვს გამოცდილება, ჩემი ახლობლები არიან წასული, საოცარ პირობებში შრომობენ და არჩენენ ოჯახებს. საქართველოში ადამიანები ფეხზე სწორედ იმ გზავნილებით დგანან, რომლებსაც მიგრანტი ქალებისგან იღებენ“, - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე მარიამ ჭანჭალეიშვილი.
აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ იმის ფონზე, როდესაც საპატრიარქო ყოველწლიურად საქართველოს ბიუჯეტიდან 25 მილიონი ლარით ფინანსდება და ის არც ბიზნესებისთვის იხდის ფულს და არც რაიმე მნიშვნელოვან სოციალურ პროექტს აკეთებს, მიგრანტი ქალებისადმი პატრიარქის განცხადება ცინიზმია.
„მიგრანტი ქალები, იმისათვის რომ ოჯახები და შვილები არჩინონ, მუშაობენ არანორმალური დატვირთვით, მუშაობენ თავიანთი ქვეყნის გარეთ, ყველას მოწყვეტილები. ამ დროს კი ადამიანი, რომელიც შეიძლება ზოგიერთი მათგანისთვის და არა მხოლოდ მათგანისთვის, არამედ საქართველოში მცხოვრები უმრავლესობისთვის ავტორიტეტია, გვეუბნება, რომ ეს მანკიერია. მე მიმაჩნია, რომ ეს შეურაცხყოფაა არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანების, არამედ ზოგადად ქალების, რომლებსაც არ ვიცით, რისი გაკეთება მოგვიწევს ცხოვრებაში იმისათვის, რომ ვარჩინოთ ოჯახები, ვირჩინოთ თავი. საერთოდაც ადამიანები არ ცხოვრობენ დალხენილად და ისინი სწორედ იმისთვის მუშაობენ, რომ როგორღაც იცხოვრონ. გარდა იმისა, რომ პროტესტს გამოვხატავ, ჩემი აქ ყოფნა არის თანადგომის გამოხატვა იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც ამ შემთხვევაში პირდაპირ მიაყენეს შეურაცხყოფა“, - ამბობს აქციის მონაწილე მაგდა კალანდაძე.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ეს შეკრება არის რეაქცია პატრიარქის განცხადებაზე, თუმცა იმედოვნებენ, რომ მათი პროტესტი მომავალში უფრო ფართომაშტაბიან სახეს მიიღებს.