
„უპირველეს ყოვლისა, ჩვენ დავამარცხეთ იდეა, რომ კანადელები უნდა დაკმაყოფილდნენ იმით, რაც აქვთ და რომ უკეთესი შეუძლებელია. მეგობრებო, ეს კანადაა და აქ უკეთესი ყოველთვის შესაძლებელია“, - „ლიბერალური პარტიის" ლიდერმა ჯასტინ ტრუდომ ამ სიტყვებით კანადელ ამომრჩევლებს ყველასთვის მოულოდნელი გამარჯვების შემდეგ მიმართა, რომელმაც მის პარტიას პარლამენტში უმრავლესობა მას კი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის სტატუსი მოუტანა.
წარსულში პრემიერ-მინისტრის პიერ ტრუდოს ვაჟმა გამარჯვებით კანადის 338 წევრიან პარლამენტში საკუთარ პარტიას 184 ადგილი მოუპოვა. აღსანიშნავია ისიც, რომ „ლიბერალურ პარტიას" მხარდამჭერების უმრავლესობა რეგიონებში ჰყავდა.
„ლიბერალების" გამარჯვება მოულოდნელი იყო, რადგან წინასწარი გამოკითხვებით ისინი თანაბრად ინაწილებდნენ შანსებს ხელისუფლებაში მყოფ „კონსერვატიულ პარტიასთან" და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან და არჩევნების დღემდე მათი უპირატესობა არც ერთი გამოკითხვით არ გამოკვეთილა.
„აი ეს შეუძლია პოზიტიურ პოლიტიკას. აი ამის განხორციელება შეუძლია იმედიან ხედვას და პოზიტიურ გუნდს. რაც შეეხება „კონსერვატორებს", ისინი ჩვენი მტრები კი არა, მეზობლები არიან“, - მიმართა ტრუდომ ამომრჩევლებს.
ახალ მინისტრთა-კაბინეტში, რომელსაც ტრუდო მოიწვევს, ქალებისა და კაცების რაოდენობა თანაბრად გადანაწილდება და ეს იქნება ერთ-ერთი პირველი საარჩევნო დაპირება, რომელსაც ლიბერალი ლიდერი შეასრულებს. მოსალოდნელია, რომ ტრუდო უკვე პრემიერის სტატუსით დაესწროს G20-ის სამიტს, რომელიც 15 ნოემბერს თურქეთში გაიმართება.
ამომრჩევლებთან შეხვედრისას ტრუდო გამოეხმაურა წინამორბედი პრემიერის ინიციატივასაც, რომლის მიხედვით კანადაში მცხოვრებ მუსლიმ ქალებს სახის დაფარვა ეკრძალებოდათ: „დაბადებიდან მოგვდგამს იმის ცოდნა, რომ კანადა ააშენეს მსოფლიოს ყველა კუთხის ხალხმა, რომლებსაც სხვადასხვა რწმენა, კულტურა და ენა აქვთ“.
ამჟამად 43 წლის ლიდერი პირველად პარლამენტში 2008 წელში შევიდა და პარტიის ლიდერი 2013 წლიდან გახდა. ის ასაკით მეორე ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი იქნება კანადის ისტორიაში.
პოლიტიკაში წასვლამდე ის ასწავლიდა დრამატურგიას, ფრანგულს, მათემატიკას და მუშაობდა ახალგაზრდების უფლებების დასაცავად. პოლიტიკური ლიდერისთვის ამ რეზიუმეს ბევრი კრიტიკოსი მწირად მიიჩნევს.
ტრუდოს მრავალი დაპირებიდან ერთ-ერთია კანადაში 25 000 სირიელი დევნილის მიღება და ამ პროცესზე 25 მილიონი დოლარის გამოყოფა. ასევე მარიხუანის ლეგალიზაცია.
წყარო: The Guardian