
21 ოქტომბერს, კინოთეატრ „ამირანში“ კავკასიაში ერთადერთი საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი CinéDOC-Tbilisi გაიხსნება. ფესტივალის გახსნის ცერემონიაზე დამსწრე აუდიტორია იხილავს სილვაინ ბიგელეიზენის ფილმს „სიცოცხლე შებინდებისას“ სექციიდან „სტუმარი ქვეყანა − ისრაელი“. მოწვეულ სტუმრებს შორის იქნებიან: ჟიურის წევრები, მოდერატორები, რეჟისორები, სხვადასხვა საელჩოსა და სამთავრობო წრის წარმომადგენლები. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ფილმის ჩვენებები, დისკუსიები, მასტერკლასები, და ვორკშოპები. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ფესტივალის ლაურეატი ფილმები ევროპის, ამერიკის შეერთებული შტატების, ისრაელისა და კავკასიის მასშტაბით. შემოქმედებითი დოკუმენტური ფილმების მთავარი პერსონაჟები არიან რეალური ადამიანები, საინტერესო და შთამბეჭდავი ისტორიებით. გახსნაზე დასწრება მხოლოდ მოწვეულ სტუმრებს შეეძლებათ.
ფესტივალი გაიმართება 21-25 ოქტომბერს კინოთეატრებში „ამირანი“, „რუსთაველი“ და FrontlineClubGeorgia.მსოფლიოში ცნობილი რეჟისორები ეწვევიან და წარადგენენ ფილმებს ევროპიდან, ისრაელიდან, აშშ-სა და კავკასიის რეგიონიდან. ამასთანავე, ფესტივალი ორგანიზებას უწევს მასტერკლასებსა და პრეზენტაციებს, რომელსაც მოწვეული სტუმრები გამართავენ: საერთაშორისო მასშტაბით ცნობილი რეჟისორები, პროდიუსერები და გაყიდვების მენეჯერები. წარმოდგენილი იქნება ასევე სპეციალური სექცია ბავშვებისა და თინეიჯერებისთვის, რომლის ფარგლებშიც ფესტივალი მართავს დოკუმენტური ფილმების ჩვენებებს ახალგაზრდა აუდიტორიისთვის (CinéDOCYoung). ფესტივალის დროს ასევე გაიმართება ორი ვორქშოპი ქალი რეჟისორებისთვის კავკასიის რეგიონიდან და Pitching ფორუმი, სადაც ახალგაზრდა რეჟისორები თავიანთ პროექტებს საერთაშორისო სტუმრებს წარუდგენენ.
წლევანდელი გამოშვების რამდენიმე განსაკუთრებული სტუმარია:
- ოსკარზე ნომინირებულირეჟისორი, ქრისტიან ფრეი(შვეიცარია) წარმოგვიდგენს თავის ფილმს: „უძინარი ნიუ იორკში“, საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში;
- ლატვიელი პროდიუსერი, ულდისცეკულისი წარმოგვიდგენს ქართულ-ლატვიურ კოპროდუქციას „ორმაგად უცხონი“, სამცხე-ჯავახეთის თემაზე მიძღვნილი ფილმების სერიიდან;
- სექციაში „ქალები კადრში“, წარმოგიდგენთ SundanceDirectingAward-ის გამარჯვებულ ფილმს,„სიზმართმჭერი“, რეჟისორი: კიმ ლონგინოტო.
ფესტივალის მუდმივი საკონკურსო სექციებია: საერთაშორისო საკონკურსო პროგრამა, FocusCaucasus-ი და CinéDOC-Young (სექცია განკუთვნილი ბავშვებისა და თინეიჯერებისთვის). ასევე წელს,მაყურებელს წარვუდგენთ ახალ სექციას, „სტუმარი ქვეყანა“. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ისრაელი ფესტივალის პირველი სტუმარი ქვეყანაა. საქართველოში ისრაელის საელჩოსთან თანამშრომლობით, მრავალი ფესტივალის ლაურეატ, ხუთი ებრაული დოკუმენტური ფილმის ჩვენება მოეწყობა. გარდა ჩვენებებისა, სექციის ფარგლებში ასევე გაიმართება მასტერკლასები, პრეზენტაციები, ვრცელი კითხვა-პასუხის სესიები, სადაც დოკუმენტური კინოს პროფესიონალები ისრაელიდან გაგვიზიარებენ გამოცდილებასა და იდეებს.
გარდა ამისა, წელს, CinéDOC-Tbilisi, FrontlineClubGeorgia-სთან თანამშრომლობით, სპეციალურ სექციას ქალებს მიუძღვნის. სექცია „ქალები კადრში“ ეძღვნება ქალთა საკითხების წარმოჩენას შემოქმედებით დოკუმენტურ ფილმებში. აღნიშნულ სექციასთან დაკავშირებით, გაიმართება ვორქშოპი ქალი რეჟისორებისთვის კავკასიის რეგიონიდან. ასევემოწვეულია განსაკუთრებული სტუმარი, დებრა ციმერმანი − ნიუ-იორკში დაფუძნებული ორგანიზაციის WomenMakeMovies (WMM) აღმასრულებელი დირექტორი, ორგანიზაციისა, რომელმაც 1983 წლიდან ასობით ქალ რეჟისორს გაუწია მხარდაჭერა თავიანთ პროფესიულ საქმიანობაში.
ამასთანავე, 24 ოქტომბერს, 10 საათზე „გოეთეს ინსტიტუტში“ გაიმართება პიჩინგ ფორუმი Sakdoc-ის ორგანიზებით ნიჭიერი ქართველი რეჟისორებისთვის, რომლებიც თავიანთ დოკუმენტურ პროექტებს საერთაშორისო კინოპროფესიონალებს, გაყიდვების აგენტებს, პროდიუსერებს და ფესტივალის წარმომადგენლებს წარუდგენენ.
ფესტივალის პროგრამა ხელმისაწვდომია CinéDOC-Tbilisi-ს ოფიციალურ ვებგვერდზე;