საკონსტიტუციო სასამართლომ ბექა წიქარიშვილის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციორად გამოცხადდა სისხლის სამართლის ის ნორმა, რომელიც მარიხუანას დიდი ოდენობით შენახვისთვის 7-14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.
დავის საგანი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სიტყვები „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე“ იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა (საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით), რომელიც აწესებს სასჯელს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანის შეძენა-შენახვისთვის.
მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმით დაწესებული სასჯელი არაგონივრულად მაღალია. მოცემული დანაშაულისთვის განსაზღვრული სანქცია უთანაბრდება ისეთ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს, როგორიცაა მკვლელობა და გაუპატიურება. შესაბამისად, იგი წარმოადგენს აშკარად არაპროპორციულ სასჯელს ამ კონკრეტული დანაშულისთვის.