„მთავრობის მიერ პოპულარული ტელეარხის მითვისება ქართული დემოკრატიისთვის დარტყმა იქნება" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას სარედაქციო საბჭოს სახელით გამოცემა The Washington Post, რომელიც „რუსთავი 2-ს“ სასამართლო პროცესზე, მოახლოებულ არჩევნებსა და საქართველოში მოსახლეობის პოლიტიკური განწყობების შესახებ საუბრობს.
„ლიბერალი" სტატიის სრულ თარგმანს გთავაზობთ:
„მას შემდეგ, რაც 2012 წლის არჩევნები ძალის მშვიდობიანი გადაცემით დასრულდა, რაც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში იშვიათი მოვლენაა, საქართველომ დემოკრატიული ნორმების გარე ნაპირებთან დაიწყო სიარული. ახალმა მთავრობამ, რომელსაც პოპულისტი მილიარდერი ხელმძღვანელობდა, არჩევნებში დამარცხებულთა, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის სამართლებრივი დევნა და მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაში კრიტიკული აზრის შევიწროება სცადა. თუმცა ხშირად მას ამის გაკეთებაში ხელს დასავლეთის ქვეყნები, მათ შორის ევროკავშირი უშლიდა, რომელთანაც საქართველომ გასულ წელს გააფორმა ასოცირების ხელშეკრულება.
ახლა როცა მისი პოპულარობა ეცემა, ხოლო ახალი არჩევნები კარზეა მომდგარი, „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, როგორც ჩანს, უფრო მკვეთრი ნაბიჯების გადადგმას იწყებენ. ბიზნესმენი პარტიასთან ერთად ცდილობს ქვეყნის ყველაზე პოპულარული ტელეარხის დახურვას, რომელიც ხშირად აჟღერებს ოპოზიციურ შეხედულებებს. ბიზნესმენმა მოახერხა, ტელეარხის ქონება დაეყადაღებინა. მოსალოდნელია, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას ამ კვირას გამოაცხადებს.
ქართველ პოლიტიკოს აქტივისტთა დიდ ნაწილს, ისევე, როგორც სიტყვის თავისუფლების ზედამხედველებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, არ სჯერა მთავრობის განცხადებების, რომ მას საერთო არაფერი აქვს „რუსთავი 2-სთვის“ სამართლებრივ დავასთან. ისინი სასამართლოზე მთავრობის გავლენის ბოლო მაგალითებზე მიუთითებენ. მათი სკეპტიციზმი გასულ კვირას განახლდა, როცა ივანიშვილმა ინტერვიუში მოვლენებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ „პროპაგანდისტული მანქანა“ უწოდა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კიდევ უფრო შორს წავიდა და ოპოზიციურ პარტიას „კრიმინალური ორგანიზაცია“ უწოდა, რომელსაც „პოლიტიკაში დარჩენის უფლება არ აქვს“.
აგრესიის ასეთი ამოხეთქვა გასაგებიც კი ჩანდა NDI-ს კვლევების შედეგების ფონზე, პოლიტიკური განწყობების შესახებ. შედეგებმა აჩვენა, რომ მმართველი პარტიის მხარდამჭერთა რაოდენობა 2012 წლიდან აგვისტომდე დაახლოებით 60%-დან 14%-მდე დაეცა. შედეგებმა ცხადყო, რომ არჩევნები მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის ძლიერი კონკურენციის პირობებში წარიმართება. კვლევამ აჩვენა, რომ, სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეთა უმეტესობა ყველა პოლიტიკური ძალით არის იმედგაცრუებული. გამოკითხულთა უმეტესობამ განაცხადა, რომ ხმის მიცემისგან, შესაძლოა, თავი შეიკავოს. მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოში მრავალპარტიული კონკურენტული პოლიტიკური სისტემაა, რომელიც ქვეყანას გამოარჩევს რეგიონში, სადაც კორუფციული ავტოკრატია ნორმადაა ქცეული.
„რუსთავი 2-ის“ დირექტორები ამბობენ, რომ სიტუაციის მართვის სადავეების მთავრობის მოკავშირე ქიბარ ხალვაშის ხელში გადაცემის შემთხვევაში ქვეყნის პლურალიზმს საფუძველი ფატალურად გამოეცლება. ხალვაშმა, რომელმაც არხი დაახლოებით ათი წლის წინ გაყიდა, საქმის შემობრუნებას სასამართლოში ცდილობს. სამოქალაქო საზოგადოება და მედიაორგანიზაციები ამის საპირისპიროდ გაერთიანდნენ და ამბობენ, რომ ვითარება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მედიაში წამოჭრილ აზრთა სხვადასხვაობასა და მოსაზრებებს. გასულ კვირას, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც ივანიშვილს გაემიჯნა, განაცხადა, რომ მოვლენები საფრთხეს უქმნის კონსტიტუციურ წესრიგს.
საბედნიეროდ, პროცესებში დასავლეთის ქვეყნების მთავრობები და საერთაშორისო ორგანიზაციები ერთვებიან. გასულ კვირას სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ „სერიოზულად აღიქმება ყველა ქმედება, რომელიც მედიაპლურალიზმის მიმართ საფრთხის მცდელობად მიიჩნევა“. ორშაბათს განცხადება გამოაქვეყნა ევროკავშირმაც, რომელიც მოელის, რომ „ამ მნიშვნელოვან მომენტში სამართლებრივ ნორმათა პრინციპები, დამოუკიდებელი სასამართლო და მედიის თავისუფლება რეალურად განხორციელდება“. როგორც ჩანს, თუკი „რუსთავი 2-ზე“ ზეწოლა გაგრძელდება, საფრთხე არა მხოლოდ საქართველოს დემოკრატიას, არამედ იმ კავშირებსაც ექმნება, რომელიც ქვეყანამ დასავლეთის ქვეყნების მთავრობებსა და ინსტიტუტებთან დაამყარა".