ევროკომისიის მხარდაჭერითა და სუფთა ტანასაცმლის კამპანიის (Clean Clothes Campaign) ორგანიზებით, ბრიუსელში საერთაშორისო, ხელფასის გლობალური ფორუმი გაიმართა. ფორუმის მიზანი ტექსტილის სფეროში დასაქმებულთათვის საარსებო მინიმუმის მიღების უფლების იმპლემენტაცია იყო. ფორუმის შესახებ ინფორმცაიას საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს.
ფორუმის პირველივე დღეს, საარსებო მინიმუმის მიღების უფლება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებად აღიარეს. ფორუმმა გააერთიანა სხვადასახვა ქვეყნის პროფკავშირები, ევროპული ბრენდები, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის წევრები, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები და CCC–ს გლობალური ქსელი (Clean Clothes Company), რომელიც მსოფლიო მასშტაბით სამკერვალო ფაბრიკებში დასაქმებულთა უფლებებს იცავს.
„საარსებო მინიმუმი“, იგივე „Living Wage” მინიმალური ხელფასისაგან განსხვავებული ცნებაა და თავის თავში მოიცავს არამხოლოდ ადამიანის ბიოლოგიურად კვლავწარმოებისათვის აუცილებელ მინიმუმს და საბაზისო საჭიროებებზე ხელმისაწვდომობას, არამედ ღირსეული ცხოვრებისათვის საჭირო სხვა სტანდარტებსაც. მაგალითად - საცხოვრებელ პირობებს, ჯანდაცვაზე, ტრანსპორტზე და განათლებაზე ხელმისაწვდომობას. ასევე, მცირე რაოდენობის დანაზოგს.
პროფკავშირების ინფორმაციით, მშრომელთა ჯგუფებმა აზიის სამკერვალო საწარმოებიდან ისაუბრეს იმის თაობაზე, თუ როგორ ვერ აკმაყოფილებს მშრომელთა უმრავლესობისათვის მათი ხელფასი ცხოვრების ელემენტალურ სტანდარტსაც კი: „სავალალო მდგომარეობაა ამ მხრივ, თურქეთსა და უკრაინაშიც, ასევე, ბულგარეთსა და რუმინეთში, სადაც ხელფასები უფრო დაბალია, ვიდრე ჩინეთში. პირობები თანდათან უარესდება და ისევ ხელფასის რაოდენობაზე მოქმედებს. ფორუმზე სხვადასხვა ტანსაცმლის ბრენდების მიმართ გაისმა ბრალდებები, რომ ლეგალური ჩარჩოს მიღმა, ანუ იმ თანხის მიღმა, რასაც ისინი ოფიციალურად უხდიან მშრომელებს, იმალება მძიმე სოციალური რეალობა და თანხები, რომელსაც არ ძალუძს, არჩინოს ოჯახი".
საარსებო მინიმუმის მიღების უფლების ადამიანის ფუნდამენტურ უფლებად აღიარებას არაერთმა გამომსვლელმა ღიად დაუჭირა მხარი. გარდა ამისა, საკითხს ზურგს უმაგრებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და გაეროს კონვენციები.
ფორუმზე განიხილეს ასევე სავალდებულო შეთანხმების შემუშავების საკითხი, რომელიც მოაქცევს ამ პროცესებს კანონის ფარგლებში და აიძულებს კომპანიებს, მუშების ანაზღაურება ნელ-ნელა დაუახლოვდეს „საარსებო მინიმუმს“. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც ევროპაში გაყიდული ტანსაცმლის უდიდეს ნაწილს კერავენ. ეს ტანსაცმელი აზიაში იკერება, ძირითადად, მსხვილი ბრენდების მიერ სპეციალურად გახსნილ სამკერვალო საწარმოებში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობაც კი აღარ მუშაობს, რადგან ემიგრანტ მშრომელებს გაცილებით ნაკლებ ანაზღაურებას უხდიან.
Clean Clothes Campaign-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ Living Wage-სთვის ბრძოლა გლობალურ მასშტაბს იძენს და საერთო ბრძოლად გარდაიქმნება, სწორედ ამიტომ არის საჭირო საერთაშორისო სავალდებულო შეთანხმება, რომელიც სტრუქტურულ ზომებს მიიღებს შრომითი პირობების გასაუმჯობესებლად.
ფორუმის მეორე დღე სწორედ სავალდებულო შეთანხმების საკითხს მიეძღვნა, რომლისკენაც CCC-ი სხვადასხვა ქვეყანასა და ორგანიზაციას მოუწოდებს. სხვადასხვა ტანსაცმლის ბრენდებს, ევროკომისიის წარმომადგენლებსა და სხვა მონაწილეებს 125,000 ზე მეტი მშრომელის ხელმოწერა წარედგინათ.
ფორუმზე საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა რაისა ლიპარტელიანმა ისაუბრა. ლიპარტელიანმა აღნიშნა, რომ საქართველოში დღეს მინიმალური ხელფასი ოფიციალურად მხოლოდ 20 ლარია, რაც ყველაზე დაბალი მონაცემია მსოფლიოში. ლიპარტელიანმა ასევე ისაუბრა საქართველოს პრეფერენციების სისტემაზე სავაჭრო სფეროში ევროკავშირთან და GSP+ზე, როგორც დასაქმებულთა უფლებების დაცვის პოტენციურად ეფექტურ მექანიზმზე.
"უკიდურესად დაბალი ხელფასები სამკერვალო სექტორში ევროპასა და აზიაში კვლავ მწვავე განსჯის საგანია. შეგახსენებთ, რომ საქართველოში მკერავები თვიურად 114 ლარამდე ხელფასს იღებენ, რაც რეალური „საარსებო მინიმუმის“ მხოლოდ 10%-ია", - წერია პროფკავშირების მიერ გავრცელებულ წერილში.