რუსული ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა „ისლამურ სახელმწიფოსთან" აფილირებულმა ჯგუფმა აიღო - Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას ISIS-ის მხარდამჭერები Twitter-ზე ავრცელებენ.
ეგვიპტის უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, გამოძიების ადრეულ ეტაპზე დადგენილი ინფორმაციით, თვითმფრინავის ჩამოვარდნა ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია.
ტერორისტული ჯგუფის მიერ თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა ვებგვერდზეც, რომელიც ისლამურ სახელმწიფოსთან არის აფილირებული.
„ისლამური სახელმწიფოს" მეომრებმა მოახერხეს რუსული თვითმფრინავის სინაის პროვინციაში ჩამოგდება. ბორტზე 220 რუსი ჯვაროსანი იმყოფებოდა. ღვთის წყალობით, ახლა ყველა მათგანი მკვდარია" - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ISIS-ის მხარდამჭერები Twitter-ზე ავრცელებენ.
რუსული ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავი სინაის ნახევარკუნძულზე ჩამოვარდა, რასაც 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თვითმფრინავი, რომელიც წითელი ზღვის კურორტ შარმ ელ შეიხიდან აფრინდა, სანქტ-პეტერბურგში მიემგზავრებოდა.