
„ერთი მხრივ შეშფოთებული ვარ, რომ ადამიანების პირადი საუბრები ისმინება, მაგრამ, მეორე მხრივ, ამ საუბრების შინაარსი იმედგაცრუებას იწვევს" - ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა, ალექსანდრა ჰოლ-ჰოლმა განაცხადა.
ელჩის კომენტარის თარგმანს „რუსთავი 2" ავრცელებს:
„მოხარული ვარ რომ პოლიტიკოსებმა მთელი პოლიტიკური სპექტრიდან გააკეთეს განცხადებები და გარკვევით აღნიშნეს, რომ ძალადობრივი ინციდენტების ორგანიზების განზრახვა არ არსებობს. ჩვენ ვაცხადებთ, რომ მედიის თავისუფლება უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა, რაშიც საქართველოს გარკვეული პროგრესი მიღწეული აქვს, შესაბამისად, მე მესმის, რატომ არის ასეთი ძლიერი ინტერესი „რუსთავი 2-ის" საქმესთან დაკავშირებით.
რაც შეეხება ჩანაწერებს, რომლებიც გავრცელდა გასულ კვირას, რა თქმა უნდა, ერთი მხრივ შეშფოთებული ვარ, რომ ადამიანების პირადი საუბრები ისმინება, მაგრამ, მეორე მხრივ, ამ საუბრების შინაარსი იმედგაცრუებას იწვევს, რადგან საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს დემოკრატიის გზაზე და ახლა არ არის ძალადობის, რევოლუციების ან ფიზიკური ბარიერების აგების დრო. პროგრესის გზა გადის დემოკრატიაზე" - ამბობს ჰოლ ჰოლი.
29 ოქტომბერს უკრაინულ საიტზე Українська революція ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის, „რუსთავი 2-ის" დირექტორ ნიკა გვარამიას და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივან გიგა ბოკერიას სატელეფონო საუბრების აუდიოჩანაწერები გავრცელდა, რომლებშიც სააკაშვილი „რუსთავი 2-ის" დასაცავად ფიზიკური დაპირისპირების საჭიროებაზე საუბრობს.