ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას ეხმიანება, რომელიც ეხება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 24 ოქტომბერს ჩატარებულ კონფერენციასა და მის ვიზუალურ მასალას.
გთავაზობთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს განცხადებას.
„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობისა და უნივერსიტეტის წესდების თანახმად, ვალდებულია უზრუნველყოს პროფესორის აკადემიური თავისუფლება, რაც გულისხმობს მეცნიერული ინტერესის მქონე ნებისმიერ თემაზე მსჯელობის შესაძლებლობას;
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საზოგადოებას არასოდეს ჰქონია ვინმეს შეურაცხყოფისა და სამოქალაქო სიმშვიდის დარღვევის განზრახვა;
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის დაიცავს თავისი პროფესორებისა და სტუდენტების გამოხატვის თავისუფლებას ნებისმიერი ინსტიტუტის ცენზურისგან;
ადამიანებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მათი უფლებები დაირღვა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული კონფერენციით, აქვთ შესაძლებლობა, მიმართონ შესაბამის სამართლებრივ გზებს", - ვკითხულობთ განცხადებაში.
ლია უკლებას ნახატები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოიფინა, რომელზეც ფეხმძიმე ღვთისმშობელი, იარაღით ხელშია გამოსახული.