„რუსთავი 2" და შპს „ტელეკომპანია საქართველო" საკონსტიტუციო სასამართლოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე და 55-ე მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით მიმართავენ. ეს სწორედ ის მუხლებია, რომლებსაც საქალაქო სასამართლოში ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2-ის“ წილების დასაბრუნებლად იყენებს.
მოსარჩელეების თქმით, სადავოა სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი, - „მართლსაწინააღმდეგო და ამორალური გარიგებანი", რომლის თანახმადაც „ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს", და 55-ე მუხლი „გარიგების ბათილობა გავლენის ბოროტად გამოყენების გამო", - და ისინი წინააღმდეგობაში მოდიან კონსტიტუციის მე-16 („ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება") და 21-ე მუხლებთან („1. საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. 2. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი").
სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით განმარტებებში მოსარჩელეები მიუთითებენ, საქალაქო სასამართლოში მიმდინარე დავა შესაძლოა „რუსთავი 2-ის" კონსტიტუციით დაცული უფლების დარღვევით დასრულდეს.
„იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს რეალური საფრთხე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეზე გამოტანილ იქნას გადაწყვეტილება, რომელსაც საფუძვლად დაედება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ჩვენს მიერ გასაჩივრებული ნორმები, რაც გამოუსწორებელ შედეგებს გამოიწვევს კონსტიტუციური მოსარჩელის მიმართ, გთხოვთ, გადაწყვეტილების გამოტანამდე შეაჩეროთ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის სიტყვების “ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს” და 55-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომლითაც გარიგება შეიძლება ბათილად ჩაითვალოს თუ „გარიგებით განსაზღვრულ შესრულებასა და ამ შესრულებისათვის გათვალისწინებულ ანაზღაურებას შორის აშკარა შეუსაბამობაა“. ამასთან, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერება არც მართლმსაჯულების განხორციელებას შეუშლის ხელს, ვინაიდან, სადავო ნორმათა გამოყენების პრაქტიკა ძალზედ მცირეა და რეალურად არც გამოიყენება" - მიუთითებენ მოსარჩელეები შუამდგომლობაში.