„2016 წლიდან საქართველოს ეროვნული ბანკი მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის, ლარის განახლებულ ბანკნოტებს გამოუშვებს,“- ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ, სასტუმრო „რუმს თბილისში“ გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.
განახლებული 20, 50 და 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები ეტაპობრივად გამოვა და მიმოქცევაში იქნება წინა ემისიების ბანკნოტებთან ერთად. ეროვნული ბანკის პრესსამსახურმა „ლიბერალს" განახლებული ბანკნოტების დიზაინი მიაწოდა:
„ეს არის ლარის 20-წლიანი ისტორიის მანძილზე, ბანკნოტების დიზაინის პირველი მნიშვნელოვანი განახლება, ეს პროექტი აერთიანებს ფულის ნიშნების წარმოებასთან დაკავშირებულ რამდენიმე მნიშვნელოვან თარიღს, მოვლენას და ფაქტორს: პირველი, როგორც მოგეხსენებათ 2015 წელი ეროვნული ვალუტის საიუბილეო თარიღია, ეს იყო ახალი ეპოქა ფულის ისტორიაში, შესაბამისად, სიმბოლურად, დიზაინის მნიშვნელოვანი განახლებაც ამ თარიღს დავამთხვიეთ; მეორე, მოგეხსენებათ, ეროვნული ბანკი, პერიოდულად ავსებს ფულის ნიშნის მარაგებს, რითაც ანაცვლებს მიმოქცევაში არსებულ უკვე გაცვეთილ და დაზიანებულ ფულის ნიშნებს ახალი ბანკნოტებით. მოცემული პერიოდისთვის ეროვნულ ბანკს მარაგების შევსება უწევდა, შესაბამისად ეს იყო საუკეთესო დრო, ვინაიდან პროცესი არ მოითხოვდა დამატებით ფინანსურ რესურსს; მესამე, ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა და ტექნოლოგიური პროგრესი - თავის დროზე ლარის ბანკნოტები საკმაოდ მაღალი სტანდარტის შესაბამისი იყო და პასუხობდა საერთაშორისო მოთხოვნებს, წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად დაიხვეწა ბეჭდვის პროცესი, შეიქმნა უფრო ძლიერი დამცავი ნიშნები, ახალი ტენდენციებია დიზაინის კუთხითაც - სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება გვქონოდა განახლებული დიზაინის ფულის ნიშანი, რომელიც თავის ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს მსოფლიო ვალუტებს შორის“, - განაცხადა პრეზენტაციაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ.
განახლებული 20, 50 და 100 ლარის ნომინალის ბანკნოტების დიზაინის ავტორი ბაჩა მალაზონიაა. საქართველოს ეროვნულ ბანკში შემუშავებული ლარის განახლებული ბანკნოტების ესკიზების სრულყოფის პროცესში მონაწილეობდნენ მსოფლიოს წამყვანი კომპანიები: „Giesecke & Devrient“ (გერმანია), „Oberthur Fiduciaire“ (საფრანგეთი), „De La Rue“ (ინგლისი). მოგვიანებით იგეგმება 5- და 10-ლარიანი ბანკნოტების განახლება.