საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს.
საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფი C ჰეპატიტთან დაკავშირებით საქართველოში არსებულ მდგომარეობას განიხილავს, ელიმინაციის პროგრამის პირველი ფაზის შედეგებსა და მიღწევებს, ჰეპატიტის სეროპრევალენტობის პოპულაციური კვლევის შედეგებს, ასევე C ჰეპატიტის პრევენციისა და კონტროლის საკითხებში არსებულ გამოწვევებს. ჯგუფი შეაფასებს ჩატარებულ სამუშაოებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს. შეხვედრას ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტრპლის ეროვნული ცენტრის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები ესწრებიან.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ჯანმოს კრიტერიუმებით საქართველო C ჰეპატიტის მაღალი გავრცელების ქვეყნად ითვლება. პრობლემის მაღალი აქტუალობიდან გამომდინარე, 2015 წლის აპრილში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ წამოიწყო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა. პროგრამის საწყისი ფაზა ითვალისწინებს C ჰეპატიტის დიაგნოსტიკის სერვისებსა და უფასო მკურნალობაზე წვდომის უზრუნველყოფას C ჰეპატიტით ინფიცირებულ პირებისთვის: “ მკურნალობა ხორციელდება უახლესი გენერაციის პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული პრეპარატით (სოფოსბუვირი), რომლითაც მკურნალობა უკვე დაიწყო 4 ათასზე მეტმა ადამიანმა. ამჟამად მუშავდება C ჰეპატიტის ელიმინაციის სტრატეგიული გეგმა (2016-2020), რომელიც მოიცავს ელიმინაციის მისაღწევად საჭირო სპეციფიურ ამოცანებსა და აქტივობებს.“
შეხვედრის ფარგლებში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კვლევის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ჰეპატიტის ვირუსი გამოკითხული 6 ათასზე მეტი მოქალაქიდან 7.1 %-ს დაუდგინდა.
"წელს, მაისიდან აგვისტოს ჩათვლით მიმდინარეობდა პირველი პოპულაციური კვლევა ქვეყნაში B და C ჰეპატიტების გავრცელებასთან დაკავშირებით. 4-თვიანი საველე სამუშაოების განმავლობაში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით დაახლოებით 6 300 ადამიანი გამოიკითხა, თუმცა 6015 მოქალაქიდან ავიღეთ სისხლის სინჯები. წინასწარი მონაცემებით, რომელიც კიდევ ზუსტდება, თუმცა დიდ ცვლილებას არ ველოდებით, სამწუხაროდ, ისევ ვრჩებით ქვეყნად, სადაც დაავადების გავრცელება მაღალია. გამოკვლეული 6 ათასი ადამიანიდან ანტისხეულები დაფიქსირდა 7,1 პროცენტში", - განაცხადა ამირან გაყრელიძემ. ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგენკომ კი აღნიშნა, რომ ბოლო კვლევებში ეს მაჩვენებელი 6.7 %-ს შეადგენდა.