Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

არგანაშვილი - დისკრიმინაციული იქნებოდა, თუ ჟანა წითულაურს გადაცემაში მონაწილეობის საშუალებას არ მისცემდნენ

04 ნოემბერი, 2015 13:52

2 ოქტომბერს გადაცემა „ნიჭიერის“ ერთ-ერთი კონკურსანტის, ჟანა წითულაურის ნომრის ეთერში გაშვების შემდეგ, „ფეისბუკში“ ერთ-ერთმა მომხმარებელმა, მარიამ შოშიაშვილმა პოსტი გამოაქვეყნა, რომ ჟანა წითულაურს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რითაც გადაცემის პროდიუსერებმა ისარგებლეს.

საზოგადოების ერთი ნაწილისთვის ჟანას ეთერში გამოყვანა სტერეოტიპების განმტკიცების გზა იყო, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენლის, ანა არგანაშვილის განმარტებით, პირველ რიგში, დაუშვებელია ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება, მეორე მხრივ კი, უფლებადამცველი ფიქრობს, რომ დისკრიმინაციული იქნებოდა, თუ ჟანას გადაცემაში მონაწილეობის საშუალებას არ მისცემდნენ:

„საზოგადოებამ გადაუმოწმებელი ინფორმაციით, ჟანას დიაგნოზი დაუსვა, შემდეგ თვითკმაყოფილებაში ჩავარდა და იმისგან დაცვა დაიწყო, რაც ამ გოგონას რეალურად არ მოუთხოვია. მას უნდოდა გადაცემაში მონაწილეობა, გამოვიდა, იმღერა და აქ დამთავრდა ყველაფერი. ცალკე შეგვიძლია ვისაუბროთ, ჟიურის წევრების დამოკიდებულებაზე, თუმცა მგონია, რომ ჟანას რომც ჰქონდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა, ჟიურის წევრების მხრიდან მისი დაცინვა ამას არ უნდა უკავშირდებოდეს. სხვა კონკურსანტებს ნაკლებად დასცინიან? ზოგადად, ამ გადაცემის ფორმატი ადამიანების დაცინვასა და ბულინგზეა ორიენტირებული და პრობლემა ზუსტად ესაა. ამის შეცვლის მაგივრად კი ჩვენ ზემზრუნველობა დავიწყეთ და ადამიანი საზოგადოებისგან უფრო მეტად გავრიყეთ”, - ამბობს არგანაშვილი.

მისივე განმარტებით, დღეს ყველა ადამიანი ქმედუნარიანადაა აღიარებული და ჟანას ჯანმრთელობის პრობლემა დადასტურებული რომც იყოს, მას სრული უფლება აქვს, მხარდამჭერისგან დამოუკიდებლად გადაწყვიტოს, მიიღებს თუ არა ამა თუ იმ გადაცემაში მონაწილეობას.

„გარდა ამისა, ზოგადად, ფსიქიკური ჯანმრთელობა მხოლოდ დიაგნოზი არაა, ის შეიძლება ნებისმიერ ჩვენგანს ჰქონდეს, თან ისეთ სტრესულ გარემოში, როგორშიც ვცხოვრობთ. ამიტომ ჩვენი მთავარი პრობლემა ისაა, რომ ასეთი გადაცემების შეფასების პრინციპი დაცინვაა, რომელმაც შესაძლოა ე.წ. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის არმქონე ადამიანებსაც კი შეუქმნას პრობლემა“.

ჟანა წითულაურთან დაკავშირებით განმარტება „ნიჭიერის“ გუნდმაც გააკეთა:

„გვინდა, გამოვეხმაუროთ ჟანა წითულაურის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს.

როგორც მისი მეგობარი აცხადებს, ჩვენს თანამშრომელს ჟანა უნახავს ბანკში და შემდეგ მოიყვანა „ნიჭიერში“.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჟანა წითულაური თავისი ფეხით მოვიდა ნიჭიერის პრეკასტინგზე.

უფრო დეტალურად: „ნიჭიერის“ პრეკასტინგების დროს, ის სავარაუდოდ იმყოფებოდა „რუსთავი2-ის“ რომელიღაც გადაცემის ჩაწერაზე დამსწრეს სტატუსით და იქიდან გამოსულმა გაიგო „ნიჭიერის“ პრეკასტინგის შესახებ, შემდეგ კი დაცვას ჰკითხა, სად უნდა მოსულიყო. კოორდინატორმა მიასწავლა ადგილი, სადაც ტარდებოდა პრეკასტინგი, როგორც ზოგადად ხდება ხოლმე.

პრეკასტინგზე მოსულმა ჟანამ განაცხადა, რომ ის არის მომღერალი, მოდელი, მოცეკვავე და დიზაინერი და თავისივე სურვილით მიიღო მონაწილეობა „ნიჭიერში“, როგორც მომღერალმა.

რაც შეეხება რეპერტუარს, საბოლოო სიტყვა ყოველთვის ეკუთვნის კონკურსანტს, რა სიმღერას შეასრულებს ან საერთოდ, მიიღებს თუ არა მონაწილეობას პროექტში”, - წერია „ნიჭიერის“ გუნდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^