Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მიგრიაული: მოსამართლის გადაწყვეტილება სამართლებრივად არავითარ კითხვას არ ბადებს

06 ნოემბერი, 2015 14:56

ადვოკატი როინ მიგრიაული „რუსთავი 2-ში“ დროებითი მმართველების დანიშვნის საკითხს „ლიბერალთან“ განმარტავს.

მიგრიაულის თქმით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი უზრუნველყოფის ორ სახეს იცნობს - სარჩელის უზრუნველყოფის და გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის.

როგორც მიგრიაული ამბობს, საქართველოში მთელი კონცენტრაცია, ძირითადად, სარჩელის უზრუნველყოფაზე იყო გადატანილი. 

„ჩვენ, ადვოკატებიც იმისკენ ვიყავით მოწოდებულები, რომ ყადაღის გამოყენება მომავალში დასაკმაყოფილებელი სარჩელის ეფექტიან და შედეგიან აღსრულებას მომსახურებოდა", - აღნიშნავს ადვოკატი. 

როგორც ადვოკატი განმარტავს, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტი სამოქალაქო პროცესის 271-ე მუხლის სახით თავიდანვე, აღნიშნული კოდექსის მიღებისთანავე არსებობდა, მაგრამ პრაქტიკაში აქამდე აქტიურად არ გამოიყენებოდა.

„ამ ნორმის თანახმად, გადაწყვეტილება, ვიდრე დაუყოვნებლივ აღსრულებად არ არის გადაცემული, სასამართლომ შესაძლოა, უზრუნველყოს მისი აღსრულება და ამისათვის გარკვეულ ღონისძიებებს მიმართოს. თუმცა ასეთი ღონისძიებების ჩამონათვალი აღნიშნულ ნორმაში მითითებული არ არის. ქართულ სამართალში არსებობს დროებითი მმართველის დანიშვნის რამდენიმე ინსტიტუტი: სააღსრულებო სამართალში-სეკვესტრის სახით, გვქონდა გაკოტრების სამართალში – ასევე გაკოტრების დროებითი მმართველის სახით, გადახდისუუნარობის სამართალში – მეურვის სახით, რაც ფუნქციონალურად და შინაარსობრივად დაახლოებით ანალოგიურია და მიმართულია მოვალის გარკვეული ქმედებების შეზღუდვისაკენ. ასე რომ, დროებითი მმართველი ქართულ სამართალში უცხო თემა არ არის.

მაგალითად, 1996 წელს მიღებული გაკოტრების კანონი ითვალისწინებდა გაკოტრების დროებითი მმართველის დანიშვნას რამდენიმე თვის განმავლობაში, მანამდე, ვიდრე მუდმივი მმართველი არ დაინიშნებოდა. რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის აღნიშნულ ნორმაში გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები ჩამოთვლილი არ არის, სასამართლოს შეეძლო, გამოეყენებინა უზრუნველყოფის ღონისძიებების ის ჩამონათვალი, რომელიც მოცემულია ამავე კოდექსის 198-ე მუხლში. აქ გვაქვს, მაგალითდ, ქონების იძულებითი მართვის ღონისძიებაც, რომელიც დროებითი მმართველის დანიშვნის ანალოგიურია. ეს ჩამონათვალიც ამომწურავი არ არის და სასამართლოს შეეძლო მიემართა 198-ე მუხლის მე-3 ნაწილისათვის, კერძოდ, სასამართლოს შეეძლო სხვა ღონისძიებაც გამოეყენებინა, რაც ნომინირებულ ჩამონათვალში არ გვხვდება. სხვა ღონისძიებაში შეიძლება, დროებითი მმართველიც ვიგულისხმოთ. რადგან სასამართლოს გონივრული ეჭვი გაუჩნდა, რომ შეიძლება, უშუალოდ არსებული მენეჯმენტის მხრიდან ქონება შემცირდეს, ამიტომ მან მენეჯმენტი მართვას ჩამოაცილა და დროებითი მმართველი დანიშნა, რომელსაც ისეთივე პასუხისმგებლობა აქვს, როგორიც დირექტორს.

დროებითი მმართველის პასუხისმგებლობა შეიძლება, სისხლის სამართლებრივ სფეროშიც გადაიზარდოს და მატერიალურ სამართლებრივშიც, თუ იგი თავისი არასწორი მართვით ზიანს მიაყენებს საზოგადოებას,  ზიანის ანაზრაურებაზე პასუხისმგებელია პირადი ქონებითაც.

ასე რომ, დროებითი მმართველობა  უზრუნველყოფის ერთ-ერთი ღონისძიებაა იმისათვის, რომ საწარმოში არსებული ქონება შენარჩუნდეს და არ გაუფასურდეს იმ წილის ღირებულება, რაზეც მომავალში მოსარჩელეებმა შეიძლება საკუთრების უფლება მოიპოვონ.

მოსამართლის გადაწყვეტილება სამართლებრივად არავითარ კითხვას არ ბადებს. როგორც სამოქალაქო კოდექსის 271-ე მუხლშია მითითებული, სასამართლოს ამ უზრუნველყოფის ღონისძების გამოყენება შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემული არ არის, ხოლო მოსარჩელე უნდა ხედავდეს იმ საფრთხეს, რომ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება ვერ აღსრულდეს. აქ ერთი რამ არის საყურადღებო - სასამართლო გადაწყვეტილებას თავისი ინიციატივით არ იღებს. ის მოსარჩელის განცხადების საფუძველზე მოქმედებს. სასამართლომ სწორედ რომ მოსარჩელის განცხადების ირგვლივ იმსჯელა. ამიტომ ვთვლი, რომ ამ განჩინების მიღებით, რომელიც სრულად შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოცნებს, სასამართლოს ანტიკონსტიტუციური ქმდება არ ჩაუდენია.

მოპასუხე მხარე შეცდა იმაში, რომ დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმის (268–ე მუხლის) გაუქმება მოითხოვა და მისი მოქმედება საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით შეაჩერეს. წარმოიდგინეთ, რომ  ყოფილიყო დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმა და სასამართლოს დაუყოვნებლივი აღსრულება დაედგინა, ოღონდ წილების გადაცემაზე, ეს პროცედურულად დროში გაიჭიმებოდა, სანამ წილები აისახებოდა მოსარჩელეებზე და სანამ მოსარჩელეები კრებას მოიწვევდნენ, ძველი მმართველობის გადაყენების მიზნით. დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმის შეჩერებით ეს პროცესი თვითონვე დააჩქარეს. მოპასუხეებმა არასწორად გათვალეს და გამორჩათ მხედველობიდან 271-ე მუხლის არსებობა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დაუყოვნებლივი აღსრულების ინსტიტუტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტია და მისი ხელაღებით შეჩერება დაუშვებელი იყო.

ეს მუხლი რომ არ შეჩერებულიყო, სასამართლო 271-ე მუხლს ვეღარ გამოიყენებდა, ვინაიდან მისი პირდაპირი წინაპირობაა, რომ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემული არ უნდა იყოს.

რაც შეეხება განჩინების დასაბუთების ნაწილს, აბსოლუტურად აღფრთოვანებული ვარ დასაბუთებით. დროებითი მმართველის დანიშვნის აუცილებლობა კარგად არის გამოკვეთილი. გადაწყვეტილებაში იმ საფრთხეებზეა საუბარი, რაც შეიძლება მოვალის ქონებას შეექმნას. შესაძლოა, მენეჯმენტს ჰქონოდა მცდელობა, რომ კომპანია გადახდისუუნაროდ და წამგებიანად ექცია. ასევე სწორად არის მოტანილი უცხოეთის ქვეყნის მაგალითები, ბევრი წყარო აქვს მითითებული. ეს არ არის თამაზ ურთმელიძის, როგორც ქართველი მოსამართლის გადაწყვეტილება, ეს არის არის ევროპული ტიპის მოსამართლის გადაწყვეტილება, რომელიც დაფუძნებულია ევროპულ და ამერიკულ პრაქტიკაზე.

ამ მუხლის გამოყენების აუცილებლობამ მეც დამაფიქრა. ვფიქრობ, რომ ამ მუხლის გამოყენებას ჩემს საადვოკატო პრაქტიკაშიც აქტიურად მივმართო. ვინაიდან ის დასაბუთება, რაც ქონების პოტენციურ შემცირებას ეხება, და ის საფრთხეები, რაც ქონების პოტენციურ შემცირებას შეიძლება მოჰყვეს, ვიდრე სასამართლოს გადაწყვეტილება არ აღსრულდება, რეალურია ქართულ სინამდვილეში. მიმაჩნია, რომ ეს მუხლი პრევენციისთვის აქტიურად უნდა იყოს გამოყენებული.

დროებითი მმართველის დანიშნულება ქონების მართვაა. ეს იმას ნიშნავს, რომ მის გარეშე არც ერთი განკარგვითი გარიგება არ უნდა დაიდოს. დროებითი მმართველი –ეს არის დირექტორის რანგში აყვანილი პირი, რომელზეც მეწარმეთა კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებები მთლიანად ვრცელდება, ოღონდ მისი უფლებამოსილება არის ვადიანი, გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე.

დროებითი მმართველის მთავარი ფუნქცია ქონების მართვა, დაცვა და შენარჩუნებაა. ის, რომ ქონება არ შემცირდეს არა მხოლოდ მოვალის, არამედ მასთან დაკავშირებული მესამე პირების მხრიდან.

მოსარჩელის მიზანი იყო არა მხოლოდ საკუთრების უფლების მიღება, არამედ გადახდისუნარიან და მომგებიან საწარმოზე საკუთრების უფლების მოპოვება. წილის ღირებულება ქონებაზეა მიბმული. წილი იმდენი ღირს, რამდენიც საზოგადოების ქონების ღირებულებაა, ვალდებულებების გამოკლებით.  თუ დავის დასრულებამდე მოპასუხე მხარემ საზოგადოების ქონების გამოცარიელება მოახერხა, შესაბამისად, წილის ღირებულებაც შემცირდება.

მიუხედავად იმისა, რომ არსებულ მენეჯმენტს ქონების გაყიდვაში ყადაღა ხელს შეუშლიდა, მას შეეძლო საწარმო არამომგებიანი სხვა ღონისძიებებით გაეხადა.

გასათვალისწინებელია, საწარმოში არსებული საბუღალტრო დოკუმენტებიც, რომელიც საწარმოს ქონებას მიეკუთვნება და რომელზეც მართვა დაუყოვნებლივ უნდა მოიპოვოს დროებითმა მმართველმა, რათა არსებულ მენეჯმენტს ხელი შეუშალოს ისეთი დოკუმენტაციის განადგურებაში, რაც ქონებასთან უშუალოდ არის დაკავშირებული“ - აცხადებს როინ მიგრიაული.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^