იურისტმა დავით კლდიაშვილმა „ლიბერალთან” თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებაზე ისაუბრა, რომელიც ქიბარ ხალვაშის მიმართვის საფუძველზე 2015 წლის 5 ნოემბერს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოიტანა თბილისის საქალაქო სასამართლომ და რომლის თანახმად, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობაზე, მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს - გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას უფლებამოსილება შეუჩერა, „რუსთავი 2-ის" დროებით მმართველებად დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი დაინიშნენ.
დავით კლდიაშვილის თქმით, მოსამართლის მხრიდან გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა იურისტები, რომლებიც მოსამართლის გადაწყვეტილებას ეთანხმებიან, არსად ახსენებენ, რომ 5 ნოემბრის განჩინებამდე მოსამართლეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები უკვე გამოყენებული ჰქონდა.
„გუშინ ურთმელიძემ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაზე გამოიტანა გადაწყვეტილება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები უკვე გამოიყენა - ყადაღა წილებზე, ყადაღა ქონებაზე, პარტნიორებს შეეზღუდათ ხმის უფლების გამოყენება. ყველა ის ქმედება, რომელიც ატარებდა ზიანის მიყენების მაღალ რისკს უკვე შეზღუდული ჰქონდა წინა მენეჯმენტს და ახლანდელ მფლობელებს. არ მახსენდება შემთხვევა, როცა ასე ფართოდ გამოიყენა მოსამართლემ სარჩელის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიება, როგორც ეს გამოიყენა მოსამართლე ურთმელიძემ სარჩელის მიღების მომენტში“, - ამბობს დავით კლდიაშვილი.
დავით კლდიაშვილის შეფასებით, მოსამართლეს კომპანიაში დროებითი მმართველის დანიშვნის თეორიული საფუძველი ჰქონდა, მაგრამ გადაწყვეტილებას სამართლებრივ ლოგიკასა და პრინციპებთან კავშირი არ აქვს და დაფუძნებულია მოსამართლის მიერ კანონის არასამართლებრივ ინტერპრეტაციაზე.
„ამ მოცემულობით, თითქმის ყველა შედეგი, რაც სარჩელის დაკმაყოფილებას და ძალაში შესვლას შეიძლება მოჰყოლოდა, უკვე დამდგარია. პარტნიორები ვერ მართავენ კომპანიას და მართავს სხვა პირი. ასეთი გამონაკლისი შემთხვევები არსებობს, როცა საუბარია კომპანიის გადახდისუუნარობაზე და არსებობს სპეციალური კანონი, რომლის მიხედვითაც, ორივე მმართველობითი ორგანო - პარტნიორთა კრება და აღმასრულებელი რგოლი რჩება ფუნქციების გარეშე. ეს არის სპეციალური საგამონაკლისო დათქმები, როცა საუბარი ეხება გადახდისუუნარობას. დროებითი მმართველობის ინსტიტუტს სამეწარმეო სამართალი არ ითვალისწინებს, შესაბამისად, მისი გამოყენება სამართლებრივ ლოგიკას მოკლებულია. პლუს აღსანიშნავია, თუ ვინ ინიშნება აღმასრულებელ რგოლში. გადახდისუუნარობის კანონზე თუ აკეთებენ ანალოგიას, იქ ერთმნიშვნელოვნადაა გაწერილი, რომ დროებითი მმართველი უნდა იყოს აბსოლუტურად დამოუკიდებელი პირი. ჩვენ კი ვხედავთ, რომ დროებით მმართველებად ინიშნებიან კონკურენტი მედიის დირექტორი და მეორე პირი, რომელსაც ასევე აქვს სამართლებრივი პრეტენზიები. შესაბამისად, ეს განჩინება ვერ უზრუნველყოფს ვერც სამართლის და ვერც სამართლის ანალოგიის პრინციპებს და დაფუძნებულია მოსამართლის თვითნებურ და არასამართლებრივ ინტერპრეტაციაზე, კანონის.” - ამბობს დავით კლდიაშვილი.
დავით კლდიაშვილის თქმით, ყველაზე აღმაშფოთებელი განჩინების ის ნაწილია, რომელიც მედიის ობიექტურობას უკავშირდება.
„ამდენი ხნის განმავლობაში პირველად გვაქვს შემთხვევა, როცა თავის განჩინებაში მოსამართლე პირველად მსჯელობს მედიის ობიექტურობასა თუ არაობიექტურობაზე, მიკერძოებულია, თუ არა მედია. შესაბამისად, იგი ასკვნის, რომ მედია არაობიექტურია და ამას უდებს ერთ-ერთი საფუძვლად თავის გადაწყვეტილებას. პირველი შემთხვევაა, როცა სასამართლო ასე აშკარად ერევა და აფასებს მედიის ობიექტურობას. ეს წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციურ პრინციპებთან.”
თბილისის საქალაქო სასამართლომ ქიბარ ხალვაშის მიმართვის საფუძველზე 2015 წლის 5 ნოემბერს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოიტანა განჩინება, რომლის თანახმად, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელობაზე, მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს - გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას უფლებამოსილება შეუჩერა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით „რუსთავი 2-ის" დროებით მმართველებად „რუსთავი 2-ის" ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი დაინიშნენ.
უფლებამოსილება, აგრეთვე, შეუჩერდათ, „რუსთავი 2-ის" ფინანსურ დირექტორს კახაბერ დამენიას და მინდობილობების საფუძველზე უფლებამოსილების განმახორციელებელ ყველა პირს.