„თუ აქამდე არ გაცნობილხართ ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-10 მუხლს იქ წერია, რომ გამოხატვის თავისუფლება შეიძლება, შეიზღუდოს და ეს თუ არ იცით, ისწავლეთ“, - მიმართა ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ევა გოცირიძემ.
ევა გოცირიძის აზრით, ლეგიტიმური არგუმენტია ის, რაც მედიის შინაარსის შესახებ მოსამართლე ურთმელიძეს განჩინების დასაბუთებაში უწერია.
„ამ დასაბუთებასთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი ყალბია. გამოხატვის თავისუფლებასთან ერთად საკუთრების უფლება არანაკლები უფლებაა“, - აცხადებს ევა გოცირიძე.
„ლიბერალის" კორესპონდენტის ცნობით, ამ წუთებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. მოსამართლე თამაზ ურთმელიძე სხდომაზე არ გამოცხადებულა - მიზეზი მან იუსტიციის საბჭოს წევრებს წერილობით აცნობა.
სხდომის დღის წესრიგში პირველ საკითხად გათვალისწინებულია ინფორმაციის მოსმენა საქართველოს უზენაესი სასამართლოს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის მიერ 6 ნოემბერს გაკეთებულ საჯარო განცხადებასთან დაკავშირებით.
როგორც ნინო გვენეტაძე გასულ კვირას აცხადებდა, ის იმედოვნებდა, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძე სხდომას დაესწრება.
„ჩვენ ორშაბათს გვექნება სხდომა და იმ ნაწილში, სადაც ინფორმაციულად მიმდინარე სამართალწარმოების საკითხებთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდა, მივცემთ ინფორმაციას საზოგადოებას. სხვა მიმდინარე სამართალწარმოების საკითხებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. შევეცდებით, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია პროცესის ორგანიზაციული და სხვა მიმართულებების მხრივ, ასევე უზრუნველვყოთ მოსამართლის მაღალი ინდივიდუალური დამოუკიდებლობის მაღალი გარანტიები ამ პროცესში. განცხადების შემდეგ ბატონმა თამაზ ურთმელიძემ დააფიქსირა თავისი პოზიცია და ვიმედოვნებთ, რომ ის ორშაბათს იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე", - განაცხადა გვენეტაძემ.
დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მოსამართლე ურთმელიძეს ელოდნენ. პარასკევს იუსტიციის საბჭოს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, თამაზ ურთმელიძეს მისი სურვილის შემთხვევაში ელოდნენ საბჭოს სხდომაზე, სადაც მისი საკითხი განსახილველად იყო ჩანიშნული. ეს განცხადება საბჭოს წევრების მიერ აღქმული იქნა, როგორც მოსამართლის დაბარება და საბჭოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის მიმართ სხდომის მიმდინარეობისას კრიტიკული განცხადებები გამოითქვა.
მოსამართლე ურთმელიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არ მივიდა და სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე წერილობითად განმარტა არმისვლის მიზეზები.