მოსამართლე თამაზ ურთმელიძე იუსტიციის საბჭოს სხდომაზე არ გამოცხადდა. მან იუსტიციის საბჭოს წევრებს, სხდომაზე მიუსვლელობის მიზეზი წერილობით აცნობა. გთავაზობთ ურთმელიძის წერილის შინაარს, რომელიც საბჭოს წევრებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ გააცნო:
„6 ნოემბრით დათარიღებული საჯაროდ გამოქვეყნებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლითაც ქალბატონი ნინო გვენეტაძე მთავაზობდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმატში შეხვედრას.მოგახსენებთ შემდეგს:
2015 წლის 4 აგვისტოდან, ჩემს წარმოებაშია სამოქალაქო საქმე ქიბარ ხალვაშისა და შპს „პანორამას“ სარჩელთან დაკავშირებით, რომელშიც ერთ-ერთი მოპასუხეა შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, საქმეზე გადაწყვეტილება გამოტანილია 2015 წლის 3 ნოემბერს, ხოლო განჩინება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე მიღებულია 2015 წლის 5 ნოემბერს.
მოპასუხეების საჯაროდ გაცხადებული პოზიციაა, რომ ისინი გაასაჩივრებენ აღნიშნულ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების უზრუნველყოფის განჩინებას, შესაბამისად, ჩემი როგორც ვალდებულებაა, განვიხილო აღნიშნული საჩივარი.
საქართველოს კონსტიტუცია და საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონი ნათლად მიუთითებს, რომ აკრძალულია ანგარიშის მოთხოვნა მოსამართლისათვის კონკრეტულ საქმეზე, მიუხედავად იმისა, თუ რაოდენ მაღალი უნდა იყოს საზოგადოებრივი ინტერესი, ნებისმიერი პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საქართველოს კონსტიტუციის იმპერატიულ მოთხოვნას.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ასევე ნებისმიერი მოსამართლე, ვალდებულია, იზრუნოს სასამართლოს რეპუტაციაზე.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მოსამართლის წარდგომა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებზე პასუხის გაცემა პირდაპირ თუ არა არაპირდაპირ დატოვებს კონკრეტულ საქმეზე მოსამართლის მიერ ანგარიშის ჩაბარების შთაბეჭდილებას, რაც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს სასამართლოს ავტორიტეტს და შექმნის მომავალში ანალოგიური განმეორების სახიფათო პრეცედენტს, ამიტომ საჭიროდ მიმაჩნია, რომ საზოგადოებას არ შევუქმნა არასწორი წარმოდგენები და არ გამოვცხადდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე.
ჩემი, როგორც საქმის განმხილველი მოსამართლის, შეხედულებით, საქმის განხილვასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები გადმოცემულია შუალედურ გადაწყვეტილებებში, განჩინებებში. რაც შეეხება საქმის არსებითად გადაწყვეტასთან დაკავშირებულ არგუმენტებს, ისინი აისახება საბოლოო, შემაჯამებელ გადაწყვეტილებაში.
მედიის საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციები, ცხადყოფს საზოგადოების დიდ მოლოდინს დაანონსებულ შეხვედრასთან დაკავშირებით.
იმედია, იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრულყოფილად მიაწვდის ინფორმაციას, სხდომაზე ჩემი გამოუცხადებლობის მიზეზებთან დაკავშირებით", - წერს ურთმელიძე წერილში.