
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია განცხადებას ავრცელებს და ნებისმიერი ძალადობის ფაქტს გმობს. განსაკუთრებით, თუკი ძალადობა ხორციელდება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან და მითუფრო, როდესაც იგი მიმართულია ადვოკატის წინააღმდეგ.
ასოციაცია პოლიციელების მიერ ადვოკატ გიორგი მდინარაძეზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შესახებ მედიაში 8 ნოემბერს გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. იურიდიული ფირმების ასოციაცია აცხადებს, რომ დაუშვებელია ადვოკატის მიერ პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში ხელშეშლა და მასზე ფიზიკური ან ფსიქიკური ზემოქმედების მცდელობაც კი.
"იურიდიული ფირმების ასოციაცია შეახსენებს სახელმწიფოს ადვოკატის როლს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში. ადვოკატი შუამავალს წარმოადგენს საზოგადოებასა და სასამართლოს შორის, იგი უზრუნველყოფს საზოგადოების ნდობას მართლმსაჯულების სისტემისადმი, რაც საბოლოოდ დემოკრატიის და კანონის უზენაესობის დაცვისკენ არის მიმართული. შესაბამისად, ლეგიტიმურად მოველით, რომ ადვოკატის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ზეწოლის ფაქტის გამოძიება წარიმართება მაქსიმალურად გამჭვირვალედ, დროულად გამოვლინდებიან და დაისჯებიან დამნაშავე პირები და მიღებული იქნება ზომები მსგავსი ფაქტების თავიდან აცილების მიზნით",- აღნიშნულია საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის განცხადებაში.
მასში ნათქვამია, რომ აღნიშნულმა შემთხვევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა სისხლის სამართლის კოდექსში იურიდიული ფირმების ასოციაციის მიერ შემოთავაზებული ცვლილების აუცილებლობა, რომლის მიხედვითაც დაცვის განხორციელებისთვის ხელის შეშლის მიზნით ადვოკატის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევა დასჯადი უნდა იყოს.
ადვოკატი გიორგი მდინარაძე სამართალდამცავებს ცემაში ადანაშაულებს. მისი ინფორმაციით, ის ვაკე-საბურთალოს მეხუთე განყოფილებაში ერთ-ერთი დაკავებული არასრულწლოვნის დასაცავად მივიდა. იქკი მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. მდინარაძის თქმით, პოლიციელების გაღიზიანება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ მან დაცვის ქვეშ მყოფ არასრულწლოვანს დუმილის უფლების გამოყენება ურჩია.