ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური „თავისი გამოსვლებით სამოქალაქო საზოგადოებას ამახინჯებს". ივანიშვილის თქმით, სასურველია, გიგაური პოლიტიკაში რაც შეიძლება მალე გადავიდეს.
„რეალურად, თავისი გამოსვლებით ის ამახინჯებს სამოქალაქო საზოგადოებას. დღეს ის NGO-ების წევრია და გამოდის მათი სახელით. ძალიან სასურველი იქნება, რაც შეიძლება მალე გადავიდეს პოლიტიკაში, იმიტომ, რომ რეალურად ის დღეს პოლიტიკაშია, ოღონდ, ფორმა ვერ შეიცვალა. თავს სამოქალაქო საზოგადოების ნაწილად ასაღებს და რეალურად, ყველაზე დიდი კრიტიკოსია, როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", დღევანდელი ხელისუფლებისა და პირადად ჩემი. მე მივესალმები, თუ გიგაური მოახერხებს და გააფორმებს იმას, რასაც რეალურად აკეთებს" - ამბობს ივანიშვილი.