„130-ე სკოლაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატი მოკვლევას დაიწყებს",- ამის შესახებ „ლიბერალს" აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განუცხადა. მათი ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აპარატისთვის არავის მიუმართავს, მათთვის ინფორმაცია მედიის მეშვეობით გახდა ცნობილი.
გუშინ 130-ე სკოლის მოსწავლის მშობელმა რუსა ამირეჯიბმა განაცხადა, რომ მის შვილს კანის ფერის გამო შეურაცხყოფა თანაკლასელმა გაკვეთილზე მიაყენა, ხოლო სკოლის ადმინისტრაციას აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი რეაგირება არ ჰქონია.
მომხდართან დაკავშირებით მოკვლევა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონიტორინგის სამსახურმა და შიდა აუდიტმა დღეიდან დაიწყო.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრ თამარ სანიკიძის განცხადებით, თუკი მოკვლევის შედეგად დირექტორის დანაშაული დამტკიცდება, სამინისტრო მაქსიმალურ სანქციას გამოიყენებს.