
ქრთამის აღების ფაქტზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N15-ე დაწესებულების რეჟიმის ცვლის კონტროლიორი გოჩა ნ. დააკავეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გოჩა ნ. თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, მოქალაქეს დაჰპირდა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N 15-ე დაწესებულებაში, შემდგომში პატიმრისთვის გადასაცემად შეიტანდა მობილური ტელეფონის სიმ-ბარათს, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 7000 ლარი.
„გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 დან 9 წლამდე ითვალისწინებს). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს" - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.