„ჩვენ ცალმხრივად ვანიჭებთ ჩვენს უფლებამოსილებას ზაალ უდუმაშვილს. მას უკვე აქვს ეს უფლებები საჯარო რეესტრში რეგისტრირებული, ნოტარიუსთან დამოწმებული“, - სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ დროებით მმართველებმა აღნიშნულის შესახებ დღეს 2 საათზე განაცხადეს.
ზაალ უდუმაშვილმა დვალისა და საყევარიშვილის შეთავაზებაზე უარი თქვა და აღნიშნა, რომ კონსულტაცია გაიარა იურისტებთან, რომლებმაც უთხრეს, რომ მისი ხელმოწერის გარეშე მსგავსი დოკუმენტის რეგისტრაცია რეესტრში ვერ მოხდებოდა და შესაბამისად, დოკუმენტი უკანონოა.
აღსანიშნავია, რომ სამეწარმეო რეესტრში ზაალ უდუმაშვილისთვის დროებითი მმართველის უფლებების მინდობის შესახებ დოკუმენტი ჯერ ასახული არ არის. „ლიბერალი” შეეცადა, იურისტებთან გაერკვია მინდობილობის შემთხვევაში სჭირდებოდა თუ არა ზაალ უდუმაშვილის ხელმოწერა დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც მას დავით დვალმა და რეზო საყევარიშვილმა დროებითი მმართველის უფლებამოსილება მიანიჭეს.
"მინდობილობას რეესტრში რეგისტრაცია არ სჭირდება, მხოლოდ ნოტარიუსის დამოწმებით შეიძლება ამგვარი დოკუმენტის გაფორმება. ასეთ შემთხვევაში ორმხრივი ხელმოწერა საჭირო არ არის". - ამბობს ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია.
მისი აზრით, უდუმაშვილისგან დვალს და საყევარიშვილს, სავარაუდოდ, წინასწარი თანხმობა ჰქონდათ, თუმცა რადგან ახლა მან უარი განაცხადა, დოკუმენტი იურიდულ ძალას კარგავს, და ეს მინდობილობა ისევ დვალმა და საყევარიშვილმა უნდა გააუქმონ.
ადვოკატ პაატა კიკვიძის თქმით, მინდობილობა ყოველთვის ერთგვარია. ეს არის კანონმდებლობით გათვალისწინებული დავალება, რომლითაც უფლებამოსილი პირი ვიღაცას ანიჭებს უფლებას, რომ კომპანიის სახელით შეასრულოს დავალებები. რაც შეეხება იმას, სჭირდებოდა თუ არა ზაალ უდუმაშვილის ხელმოწერა, ადვოკატი პასუხობს, რომ პროცედურულად ხელმოწერა არ სჭირდება, მაგრამ „ახლა საქმე სხვა შემთხვევასთან გვაქვს“.
„ამ შემთხვევაში მისი თანხმობაა საჭირო იყო. პრაქტიკულად, დირექტორის უფლება-მოვალეობებს აკისრებენ. ეს იგივეა, ჩემ მიერ დაფუძნებულ კომპანიაში დავნიშნო ადამიანი, რომელიც თანხმობას არ აცხადებს. მიუხედავად იმისა, რომ ცალმხრივია მინდობილობა, ის არის სამართლებრივად დავალების ხელშეკრულების ამსახველი დოკუმენტი, სადაც ორმხრივი ნება უნდა იყოს.” - განუცხადა „ლიბერალს“ პაატა კიკვიძემ, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სპეციალისტია.
მისივე თქმით, ზაალ უდუმაშვილს შეუძლია, განცხადება შეიტანოს სამეწარმეო რეესტრში და უარი თქვას ამ უფლების შესრულებაზე.
ადვოკატი დავით ასათიანი კი ფიქრობს, რომ, თუ დავით დვალმა უდუმაშვილს უბრალოდ მინდობილობა მიანიჭა, მას ხელმოწერა არ სჭირდება, მაგრამ ამავდროულად ამგვარ მინდობილობას არც რეესტრში დარეგისტრირება ესაჭიროება. რეესტრში რეგისტრაციას საჭიროებს ე.წ. პროკურა, მაგრამ ამ შემთხვევაში უდუმაშვილის ხელმოწერა აუცილებელია.
ასეთ შემთხვევაში სწორი ფორმა იქნებოდა, რომ ზაალ უდუმაშვილსა და მათ შორის გაფორმებულიყო დავალების ხელშეკრულება. დავალების ხელშეკრულება გულისხმობს ორმხრივ ნებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი ხელშეკრულება დადებულად არ მიიჩნევა. რაც შეეხება მესამე პირებთან ურთიერთობას, მაგალითად - საგადასახადო ორგანოებთან, საჭირო იქნებოდა რწმუნებულების გაფორმებაც. - ამბობს ნონა ქურდოვანიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი.
ზაალ უდუმაშვილს რჩება უფლება, უარი განაცხადოს მინიჭებული უფლებამოსილების შესრულებაზე და ნოტარიუსთან მოითხოვოს ამ რწმუნებულების გაუქმება. - ამბობს იურისტი.