
„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ „რუსთავი 2-ის“ ბევრ თანამშრომელს ვხვდები და ბევრს ველაპარაკები და არა მგონია, ვინმეს უფლება ჰქონდეს, ეს ამიკრძალოს. კიდევ ბევრს შევხვდები“, - „მაესტროსთან“ ინტერვიუში რუსთავი ორის დროებითი მმართველი დავით დვალი ამბობს, რომ ნიკა გვარამიასა და ზაალ უდუმაშვილის დღევანდელი განცხადებები ავანტიურას გავს.
„ავანტიურას ჰგავს მათი განცხადებები და ქმედებები. შინაარსობრივ ნაწილს ვგულისხმობ, შეურაცხმყოფელი ნაწილი საზოგადოებამ შეაფასოს და განსაჯოს, რამდენად ღირსეულია ხელმძღვანელობის მხრიდან“, - ამბობს დავით დვალი.
მისი შეფასებით, გვარამიას ქმედებები კონფრონტაციისკენაა მიმართული.
„ერთი მხრივ, ადამიანი მეუბნება, გადაწყვეტილებას არ ვცნობ საერთოდო და მეორე მხრივ, მეუბნება, მოდი და შეასრულე მოვალეობაო. რა დასკვნა უნდა გავაკეთო ამ ორი ნაწილიდან გამომდინარე? ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, გააცოცხლონ თავისი ბარიკადების თემა, რომელიც ჩაუვარდათ და არ გამოუვიდათ“, - ამბობს დვალი.
„რუსთავი 2-ის“ დროებითი მმართველის თქმით, ზაალ უდუმაშვილთან შეხვედრა კონფიდენციალური არ ყოფილა.
„არაფერი მაქვს დასამალი, მე მაქვს კონტაქტები. დღეს ზალიკომ თქვა, რომ ჩვენი შეხვედრა კონფიდენციალური იყო. არ მეგონა, რომ „ქორთიარდში“ შეხვედრა კონფიდენციალურია. შინაარს რაც შეეხება, თვითონ გაახმაურა“, - ამბობს დავით დვალი.