Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა სამართლებრივი საფუძვლები არსებობს, რომ პრეზიდენტს რეზიდენცია იძულებით დაატოვებინონ?

12 ნოემბერი, 2015 17:25

პრეზიდენტის რეზიდენციის შესაცვლელად, თეორიულად, რამდენიმე სამართლებრივი საფუძველი არსებობს, თუმცა მათგან კანონთან შესაბამისობაში მხოლოდ ერთი - საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება მოდის - პრეზიდენტის რეზიდენციის ადგილის შეცვლის სამართლებრივი საფუძვლების შესახებ „ლიბერალი“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მთავარ იურისტს, თეო ზაქარაშვილს ესაუბრა.

იურისტის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის სტრუქტურისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის უფლებამოსილებას პრეზიდენტს საქართველოს კონსტიტუცია ანიჭებს, შესაბამისად, ამ საკითხის მოწესრიგება მხოლოდ პრეზიდენტის უფლებამოსილებაა. ამ უფლებამოსილების ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა 2013 წლის 19 დეკემბერს #963 ბრძანებულება გამოსცა, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციის დებულებასთან ერთად ადმინისტრაციის ადგილსამყოფელად ავლაბრის რეზიდენცია განისაზღვრა (ქ. თბილისი, მ. აბდუშელიშვილის ქ. №1). ზაქარიშვილის თქმით, ბრძანებულება ამ რედაქციის იარსებებს, სანამ ახალი აქტით სხვა რამ არ დადგინდება, რეზიდენციის (ადმინისტრაციის) ადგილსამყოფელი ვერ შეიცვლება.

„ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა საქართველოს პარლამენტის დადგენილებასა და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიული აქტების მიმართ“, - ამბობს იურისტი.

თუმცა, მისი განმარტებით, რამდენადაც კონსტიტუციაში პირდაპირ არ არის მითითებული პრეზიდენტის რეზიდენციის მისამართი, არსებობს თეორიული შესაძლებლობა, რომ მოცემული საკითხი პარლამენტმა მოაწესრიგოს საკანონმდებლო აქტით - კანონით, რომელიც კონსტიტუციის ქვემდგომი აქტია, მაგრამ კანონს პრეზიდენტის ბრძანებულებასთან შედარებით უპირატესი იურიდიული ძალა გააჩნია.  კერძოდ, პარლამენტს შეუძლია, შეიმუშავოს კანონპროექტი, რომელიც პრეზიდენტისთვის რეზიდენციის ადგილსამყოფელის დადგენა/შეცვლის უფლებამოსილების ჩამოართმევისკენ იქნება მიმართული, თუმცა ამ კანონპროექტის კონსტიტუციასთან შესაბამისობა, შესაძლოა, სადავო გახდეს.

„ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყვით, თუმცა ზოგადად, რა თქმა უნდა, საქმიანობის წესში მისამართის დადგენაც უნდა ვიგულისხმოთ. ეს ძალიან ტექნიკური საკითხია, რომელიც წესით ცალკე რეგულაციას არ საჭიროებს.  თუმცა თუ თეორიულად დავუშვებთ, რომ საქმიანობის წესის განსაზღვრა მისამართის განსაზღვრას არ გულისხმობს, მაშინ, პარლამენტს შეუძლია, განიხილოს კანონპროექტი, რომელშიც სხვა მისამართი ჩაიწერება. ეს, ალბათ, არ იქნება გამართლებული და პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებას გამოიწვევს“, - ამბობს იურისტი.

რაც შეეხება სახელმწიფოს მხრიდან ქონების მართვის სააგენტოს ბალანსზე რიცხული ავლაბრის რეზიდენციის შესაძლო გასხვისების საკითხს, იურისტის თქმით, ამის მცდელობა პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნებოდა. მისი თქმით, ამას ახალი შემძენის მხრიდან თეორიულად, მესაკუთრის უფლების დასაცავად შეიძლება, მოჰყვეს ახალი მესაკუთრის საკუთრებიდან უკანონო მფლობელის გამოსახლება, თუმცა პრეზიდენტის ბრძანებულება მთავრობის დადგენილებაზე ზემდგომი აქტია, რაც იმას ნიშნავს, რომ წესით, პრეზიდენტის მიერ შესაბამისი ბრძანებულების გამოცემის გარეშე ქონება ვერ გაიყიდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^