Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რევაზ ბერიაშვილი - რა ინფორმაცია აქვთ მასზე რეესტრს და რუსთავი 2-ის ყოფილ თანამშრომლებს

13 ნოემბერი, 2015 15:33

„ლიბერალის“ მიერ საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების გათვალისწინებით, საჯარო რეესტრის მონაცემებით, რევაზი ბერიაშვილი არ არის რეგისტრირებული (არც ყოფილა) შპს  „სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად.

ამასთან, საჯარო რეესტრის მონაცემებში, 2004 -2006 წლებში რევაზ ბერიაშვილი „რუსთავი 2-ში“ ფინანსური დირექტორის თანამდებობაზე არ ფიქსირდება.

რევაზ ბერიაშვილი ყურადღების ცენტრში სასამართლოში „რუსთავი 2-ის" საქმის ირგვლივ მიმდინარე პროცესების დროს მოექცა. ის ხელს აწერს დოკუმენტს (შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის” აქტივებისა და ვალდებულებების ბუღალტრული საბალანსო ნაშთები”), რომელიც მოსარჩელე მხარემ ექსპერტიზის დასკვნის მოსამზადებლად გამოიყენა. „რუსთავი 2-ის" წარმომადგენლების თქმით, ბერიაშვილი კომპანიის თანამშრომელი არასდროს ყოფილა და მის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი ყალბია.

რეესტრიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2004 წლის 22 ოქტომბრის პარტნიორთა კრების ოქმით დადგინდა საკითხი „ფინანსური დირექტორის“ თანამდებობის განსაზღვრის შესახებ, შემდეგი უფლებამოსილების ფარგლებით: „ერთპიროვნულად მოაწეროს ხელი საზოგადოების ფინანსურ დოკუმენტებს (მათ შორის გადარიცხვებს) და ერთპიროვნულდ მართოს საზოგადოების ფინანსები“. 

რეესტრი წერს, რომ ამავე კრების ოქმის თანახმად აღნიშნული თანამდებობა დარჩენილი იქნა ვაკანტურად შესაბამისი კანდიდატურის შერჩევამდე.

„ლიბერალმა“ საჯარო რეესტრს ორი სახის კითხვით მიმართა:

„ლიბერალმა" 2004-2006 წლებში შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორის, ფინანსური დირექტორისა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთა ვინაობის შესახებ გამოითხოვა ინფორმაცია.

მეორე შეკითხვა კი ეხებოდა, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ში“, მისი დაფუძნების დღიდან მიმდინარე პერიოდზე, რევაზ ბერიაშვილის მიერ დაკავებული თანამდებობების შესახებ ინფორმაციის მიღების თაობაზე.

როგორც იურისტები განმარტავენ, ფინანსური დირექტორის თანამდებობაზე თანამშრომელი შესაძლოა, შიდა ბრძანებითაც დაინიშნოს, რაც თავის მხრივ, რეესტრის მონაცემებში არ აისახება.

„ლიბერალი“ ამის გასარკვევად თავად რევაზ ბერიაშვილს დაუკავშირდა. ბერიაშვილი აცხადებს, რომ ის „რუსთავი 2-ში“ ნამდვილად მუშაობდა და ამის დადასტურება ტელეკომპანიის თანამშრომლებს შეუძლიათ.

„ლიბერალმა“ მას ასევე სთხოვა, წარმოედგინა რამე დოკუმენტი, რაც „რუსთვი 2-ში“ მის ფინანსურ დირექტორად მუშაობას დაასაბუთებდა.

ბერიაშვილმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს და ამიტომ „ახლა ამაზე ვერ ისაუბრებს“.

„ლიბერალი“ ჟურნალისტ ნანა ლეჟავას დაუკავშირდა, რომელიც აღნიშნულ პერიოდში „რუსთავი 2-ის“ თანამშრომელი იყო. ლეჟავას თქმით, ბერიაშვილი „რუსთავი 2-ში“ ნამდვილად მუშაობდა და ის კომპანიაში ფინანსებს კურირებდა.

„ლიბერალთან“ საუბრისას „რუსთავი 2-ის“ მაშინდელი საინფორმაციო სამსახურის უფროსი თამარ რუხაძეც ამბობს, რომ მას რევაზ ბერიაშვილი „რუსთავი 2-ში“ მუშაობის პერიოდში ახსოვს, როგორც ფინანსური დირექტორი.

რევაზ ბერიაშვილის სახელი „რუსთავი 2-ის“ საქმეში იმ  დოკუმენტს უკავშირდება, რომელსაც ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნა, „რუსთავი 2-ის” წილების ღირებულების განსაზღვრისთვის დაეფუძნა.

მოპასუხე მხარის შენიშვნებით, დოკუმენტის სიყალბეზე მეტყველებდა ის, რომ დოკუმენტს 2004-2006 წლებში ხელს  აწერდა „რუსთავი 2-ის“ ფინანსური დირექტორი რევაზ ბერიაშვილი, რომელიც, მათივე მტკიცებით, „რუსთავი 2-ის” ფინანსური დირექტორი არასდროს ყოფილა.

„რუსთავი 2-ის“ ადვოკატის, თამთა მურადაშვილის თქმით, ბერიაშვილი „რუსთავი 2-ის“ ფინანსური დირექტორი არ ყოფილა, მისი თქმით, ის ქიბარ ხალვაშის პირადი ფინანსისტი იყო.

„ხალვაშს ის მგონი სხვა კომპანიებში ჰყავდა  ფინანსურ დირექტორად ან შეიძლება, უბრალოდ აძლევდა „რუსთავი 2-ის“ ინფორმაციას“, - უთხრა „ლიბერალს“ მურადაშვილმა.

მოპასუხე მხარის ადვოკატი ზაზა ბიბილაშვილი „ლიბერალთან“ საუბრისას აცხადებდა: „ბოლოსდაბოლოს, თუ ხალვაშს ყველაფერი შენახული ჰქონდა, ერთ დოკუმენტი როგორ ვერ მოძებნა, რომელიც ადასტურებს რომ ფინანსური დირექტორი ან მენეჯერი ვინმე ბერიაშვილი იყო“.

მოსარჩელე მხარის ადვოკატი პაატა სალია კი აცხადებს, რომ ბერიაშვილი „რუსთავი 2-ში“ ფინანსურ დირექტორად მუშაობდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^