Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თამარ სანიკიძე: მასწავლებლების საბაზო ხელფასი 2016 წლისთვის 70%-ით გაიზრდება

13 ნოემბერი, 2015 16:52

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ სამინისტროს მუშაობის 2013-2015 წლების ანგარიში წარადგინა.

მინისტრმა მიმოიხილა ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით განხორციელებული პროგრამები, რომელთა შედეგად, მისივე თქმით, ქვეყანაში განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემა მნიშვნელოვნად შემცირდა.  

თამარ სანიკიძემ ყურადღება გაამახვილა უფასო სახელმძღვანელოების პროგრამაზე, რომლის ფარგლებშიც 500 000-მდე მოსწავლეს სახელმძღვანელოები უსასყიდლოდ გადაეცემა. მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით, 1150 საჯარო სკოლის 60 000-ზე მეტი მოსწავლე ტრანსპორტითაა უზრუნველყოფილი.

მინისტრმა მანდატურის სამსახურის რეფორმის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მანდატურის სამსახურის ბაზაზე ამოქმედდა პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამა. ქვეყნის 7 ქალაქში, ფოთში, ბათუმში, ქუთაისში, გორში, თბილისში, რუსთავსა და თელავში შეიქმნა ფსიქოლოგიური ცენტრები. 

მინისტრი ინკლუზიური განათლების თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ინკლუზიური სწავლება განათლების ყველა საფეხურზე თანდათან ვითარდება. ამის მაგალითად მინისტრმა სტატისტიკა მოიტანა, რომლის თანახმადაც, 983 საჯარო სკოლაში 5 000-მდე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს 966 სპეცმასწავლებელი ემსახურება. მასწავლებლების მოსამზადებლად კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სპეცმასწავლებლების სამაგისტრო პროგრამა ამოქმედდა. 35 საჯარო სკოლაში მოეწყო ადაპტირებული გარემო. თბილისსა და რეგიონებში გაიხსნა ინტეგრირებული კლასები. თამარ სანიკიძის თქმით, პირველად დაიბეჭდა სახელმძღვანელოები ბრაილის შრიფტით. ჟესტური ენის განსავითარებლად კი  მეთოდოლოგია და დამხმარე სახელმძღვანელოები შეიქმნა.

მინისტრის თქმით, სამინისტროს გამოწვევა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია იყო. 2013-2015 წლებში 1069 სკოლას ჩაუტარდა სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები. უკვე დასრულდა 10 და მიმდინარეობს 8 ახალი სკოლის მშენებლობა. მიმდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების სკოლების რეაბილიტაციის პროცესიც. ამ ეტაპზე რეაბილიტირებულია 18 საზღვრისპირა სკოლა, სამომავლოდ კი  12 სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება.

მინისტრმა მოხსენებისას მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით,მასწავლებლების საბაზისო ხელფასი, დანამატების გარეშე, 2016 წლისათვის ჯამში 70%-ით გაიზრდება. მინისტრის თქმით, 2016-2017 წლისთვის მასწავლებლის საშუალო ხელფასი ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასზე მაღალი იქნება.

2016 წლის  ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ზოგადი განათლებისთვის გამოყოფილი სახსრები 2012 წელთან შედარებით 45.8%-ით იზრდება.  

რაც შეეხება პროფესიულ განათლებას, მინისტრის თქმით, 2016 წლის ბიუჯეტის პროექტით ამ მიმართულებით გამოყოფილი სახსრები 2012 წელთან შედარებით 83%-ით იზრდება.

2013 წლიდან სახელმწიფო პროფესიულ განათლებას სრულად აფინანსებს. მინისტრის თქმით, 2013-2015 წლებში პროფესიული განათლების მიღებისას სახელმწიფო დაფინანსებით  27 000-მდე სტუდენტმა ისარგებლა.

სანიკიძის თქმით, 2013 წელსვე დაიწყო ინკლუზიური პროფესიული განათლების დანერგვა. დღესდღეობით, ადაპტირებულ გარემოში 300-მდე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტი იღებს პროფესიულ განათლებას.

უმაღლესი განათლების დაფინანსება 2012 წელთან შედარებით 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად  41%-ით იზრდება.

მინისტრის თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში სოციალური პროგრამების ფარგლებში დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობა სამჯერ გაიზარდა. ამავე რაოდენობით გაიზარდა სტიპენდიანტი სტუდენტების რაოდენობაც.

სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის კი სამი წლის განმავლობაში 16,1 მილიონი ლარი დაიხარჯა.

თამარ სანიკიძის თქმით, უმაღლესი განათლების მიმართულებით, მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ "Erasmus+"-ის ფარგლებში მოპოვებული სტიპენდიების რაოდენობით, საქართველო 74 ქვეყანას შორის მე-7 ადგილზეა.

მინისტრის შეფასებით სამინისტროსთვის კვლავ გამოწვევად რჩება მეცნიერების განვითარება, რადგან მეცნიერების გაძლიერების კუთხით გადადგმული ნაბიჯების შედეგები ჯერ არ დამდგარა, შესაბამისად არც მონიტორინგი ჩატარებულა. სანიკიძის თქმით, ამ კუთხით თვალყურის დევნება და მონიტორინგია საჭირო.  მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობისთვის გამოყოფილი თანხა 2012 წელთან შედარებით 2016 წელს 82%-ით იზრდება. ხოლო სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებზე მისამართი სახსრები 164%-ით. მინისტრი რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ფონდის ბიუჯეტი 2012 წელთან შედარებით მომავალ წელს 144%-ით გაიზრდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^