პარიზის პროკურატურის ოფიციალური გაცხადების მიხედვით, 8 ტერორისტია დაღუპული, მათგან შვიდმა თავი აიფეთქა.
საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ტერაქტს, ბოლო მონაცემებით, სულ მცირე 153 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 220-მდე ადამიანი, აქედან 90-მდე მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
გუშინ პარიზში 6 თავდასხმა განხორციელდა. ტერორისტების ერთი ჯგუფი „ბატაკლანის“ თეატრში შეიჭრა, სადაც იმ დროს ამერიკული როკ-ჯგუფის კონცერტი მიმდინარეობდა და მძევლები აიყვანა. 112 ადამიანი სწორედ იქ დაიღუპა. მაყურებლების ნაწილმა გაქცევა მოახერხა. თვითმხილველები იტყობინებიან, რომ თეატრში მყოფები ტერორისტების დანახვისას ძირს დაწვნენ და თავდამსხმელები მწოლიარე ადამიანებს დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში ესროდნენ.
ფრანგულმა სპეცრაზმმა თეატრის შტურმი მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც თავდამსხმელებმა მათ აცნობეს, რომ შეიარაღებულები არიან და მოლაპარაკებები არ სურთ. შტურმის შემდეგ, ადგილზე მივიდნენ საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, პრემიერ-მინისტრი, შსს-სა და იუსტიციის მინისტრები.
ადგილობრივი მედია წერს, რომ ყველა მათგანი ახალგაზრდა მამაკაცი იყო, რომელიც ფრანგულ ენას ფლობდა. თვითმხილველები აცხადებენ, რომ შეიარაღებული მამაკაცები, თეატრში შეჭრისას, „ალაჰ აქბარს“ ყვიროდნენ.
სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა პარიზის სტადიონ „სტად დე ფრანსთან“ აიფეთქა თავი. სტადიონზე იმ მომენტში საფრანგეთი-გერმანიის ამხანაგური მატჩი მიმდინარეობდა, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ესწრებოდა.
თავდასხმები მოხდა სენის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე რამდენიმე ქუჩაზე, სადაც შეიარაღებულმა მამაკაცებმა რესტორნებში მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნეს.
ტერაქტების გამო, პარიზის მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს, ქალაქის სხვადასხვა რაიონებში მობილიზებულია 1 500-მდე სამხედრო.
პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი უახლოეს საათებში უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას გამართავს. ტერაქტების გამო, ოლანდი 16 ნოემბერს, თურქეთში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტს აღარ დაესწრება.
საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოაცხადებული, ჩაიკეტა ქვეყნის საზღვრები.
წყარო: The Guardian