„ეს იყო თავდასხმა არა მხოლოდ ფრანგ ხალხზე, არამედ მთელს კაცობრიობაზე და უნივერსალურ ფასეულობებზე“, - აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პარიზში განვითარებული მოვლენების გამო საფრანგეთს მხარდაჭერა გამოუცხადა.
ობამას თქმით, აშშ მზად არის, საფრანგეთს ყველა სახის დახმარება გაუწიოს.
„ტერორიზმსა და ექსტრემიზმთან ბრძოლაში ჩვენ ფრანგებთან ერთად ვართ“, - განაცხადა ობამამ.
მისივე თქმით, ჯერჯერობით ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ ვინ არის ტერაქტების ორგანიზატორი, თუმცა მან მზადყოფნა გამოთქვა გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ ტერორისტების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.
საფრანგეთში გუშინ ექვს სხვადასხვა ადგილზე მომხდარი ტერაქტის შედეგად ამ დროის მონაცემებით 153 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა. პარიზის სხვადასხვა ადგილზე შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ რესტორნებს, საკონცერტო დარბაზებსა და ფეხბურთის სტადიონს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა მომხდარს უპრეცედენტო ტერორისტული შეტევა უწოდა.
მას შემდეგ, რაც ფრანსუა ოლანდმა სტადიონი დატოვა, რომელზეც ტერორისტებმა ორჯერ მიიტანეს იერიში, მან ქვეყანაში საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა. ოლანდმა საფრანგეთის საზღვრები ჩაკეტა, რომ დამნაშავეებმა გაქცევა ვერ შეძლონ.