
პარიზის ტერაქტების უკან ბელგიური წარმომავლობის პირი დგას, რომელიც ამჟამად სირიაში იმყოფება, - ინფორმაცია Reuters-ს ფრანგულ საგამოძიებო სამსახურებთან დაახლოებულმა პირმა მიაწოდა.
„ისაა ტვინი, რომელიც გეგმავს თავდასხმებს ევროპაზე. მისი სახელია აბდელჰამიდ აბააოუდი“, - საგამოძიებო სამსახურების ინფორმაციით, 27 წლის აბააოუდი ბრიუსელის იმავე გარეუბნიდანაა, საიდანაც ტერაქტში მონაწილე დანარჩენი მებრძოლები.
მანუელ ვალსის ინფორმაციით, პარიზის ტერაქტები სირიის ტერიტორიაზე დაიგეგმა: „ჩვენ ვიცით, რომ თავდასხმები კვლავ მზადდება. დღეს დილიდან 150 ანტიტერორისტული რეიდი განხორციელდა მთელი საფრანგეთის მასშტაბით“.
საფრანგეთის პოლიცია ბრიუსელში დაბადებულ 26 წლის სალაჰ აბდესლამს პარიზის ტერაქტებში მთავარ ეჭვმიტანილად ასახელებს.
13 ნოემბრის ღამეს ის რამდენჯერმე შეამოწმეს პოლიციელებმა, მაგრამ შემდეგ გაუშვეს. მისი ძმა ერთ-ერთი თვითმკვლელი ტერორისტი იყო, რომელმაც იმ ღამით პარიზში თავი აიფეთქა.
ფრანგული მედიასაშუალებები წერენ, რომ პოლიციის ძირითადი ოპერაციები ბელგიის საზღვართან ტარდება, თუმცა არ აცხადებენ, უკავშირდება თუ არა ეს პარიზზე თავდასხმებს.
პარიზში 13 ნოემბერს 6 თავდასხმა განხორციელდა. ტერორისტების ერთი ჯგუფი „ბატაკლანის“ თეატრში შეიჭრა, სადაც იმ დროს ამერიკული როკ-ჯგუფის კონცერტი მიმდინარეობდა და მძევლები აიყვანა. 112 ადამიანი სწორედ იქ დაიღუპა. მაყურებლების ნაწილმა გაქცევა მოახერხა. თვითმხილველები იტყობინებიან, რომ თეატრში მყოფები ტერორისტების დანახვისას ძირს დაწვნენ და თავდამსხმელები მწოლიარე ადამიანებს დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში ესროდნენ.
საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოაცხადებული, ჩაიკეტა ქვეყნის საზღვრები. გამოცხადებულია 3 დღიანი ეროვნული გლოვა.
პარიზში განხორციელებულ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. დაჯგუფებამ ვიდეო გაავრცელა, სადაც ფრაგი ეროვნების აბუ სალმანი ამბობს, რომ თავდასხმების მიზანი საფრანგეთისთვის იმის დემონსტრირება იყო, რომ ის კვლავ რჩება მთავარ სამიზნედ.
წუხელ საფრანგეთის საჰაერო ძალებმა სირიაში, ქალაქ რაქაში, ISIS-ის ობიექტებზე ავიაიერიში მიიტანეს. ISIS რაქას ე.წ. ხალიფატის დედაქალაქად მოიხსენიებს. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი აცხადებს, რომ ავიაიერიშში 12 თვითმფრინავი მონაწილეობდა. მისი განმარტებით, ყველა ობიექტი, რომელზეც თავდასხმა განხორციელდა, განადგურებულია.
წყარო: The Reuters