Unicef-ის ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი გაეროს ბავშვთა ფონდის ტექნიკური და ფინანსური ხელშეწყობით, „ორსულთა და ახალშობილთა ჯანმრთელობის მეთვალყურეობის ელექტრონულ მოდულს“ ნერგავს.
ელექტრონული სისტემა წარმოადგენს ინტერნეტმოდულს, რაც არ საჭიროებს მის ინსტალაციას თითოეულ კომპიუტერზე და მნიშვნელოვნად ამცირებს ადმინისტრაციულ ხარჯებს მოდულის დანერგვისას. მოდული თავს უყრის დედის, ნაყოფისა და ახალშობილის შესახებ ინფორმაციას და ქმნის საფუძველს სრულყოფილი ეპიდემიოლოგიური ანალიზისათვის.
ახალი სისტემის დანერგვის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრში მიმდინარეობს ანტენატალური კლინიკებისა და სამშობიაროების წარმომადგენელთა ტრენინგი, მონაცემების შეყვანასთან დაკავშირებულ საკითხებზე. დაგეგმილია აღნიშნული დაწესებულებების 500-მდე წარმომადგენლის მომზადება. თბილისის გარდა ტრენინგები მოეწყობა იმერეთში, სამეგრელოსა და აჭარის რეგიონებში.
ახალი ელექტრონული სისტემის დანერგვაში საქართველოს ეხმარება ნორვეგიის ტომსოს უნივერსიტეტი, რომელიც ასევე აქტიურად ჩაერთვება მოდულის დანერგვის პროცესშიც.
2016 წლიდან „ორსულთა და ახალშობილთა ჯანმრთელობის მეთვალყურეობის ელექტრონულ მოდულში" მონაცემების განთავსება სავალდებულო იქნება.