
ევროკომისია და ევროპული საბჭო ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განახლებულ დოკუმენტს აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ პარტნიორ ქვეყნებს განსხვავებული მისწრაფებები აქვთ ევროკავშირთან და ეს მათთან ურთიერთობაში უფრო მკვეთრად უნდა აისახოს.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის დიალოგის მხარეთა უმეტესობას სურს, აღმოსავლეთ და სამხრეთ სამეზობლოს წევრი ქვეყნების მიმართ უფრო ერთიანი მიდგომა იყოს, თუმცა, დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ გამოიკვეთა აშკარა მოთხოვნა უფრო ინდივიდუალური, დიფერენცირებული პარტნიორობისა ევროკავშირსა და მის მეზობელ პარტნიორებს შორის, განსხვავებული ამბიციების, შესაძლებლობებისა და ინტერესების მიხედვით.
„იქ, სადაც პარტნიორებს სურთ, რომ უფრო გააღრმავონ ევროკავშირთან ურთიერთობები საერთო ღირებულებების გამო, მუშაობა არსებული გარემოებების საფუძველზე გაგრძელდება. საქართველომ, მოლდავეთმა და უკრაინამ ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის გზა აირჩიეს ახალი თაობის ასოცირების ხელშეკრულებითა და DCFTA-ით“ - ვკითხულობთ დოკუმენტში.
ევროკომისია აცხადებს, რომ ამ ურთიერთობების გასაღრმავებლად და სარგებლის მაქსიმალიზების მიზნით პარტნიორებთან გააგრძელებს მუშაობას.
„პარტნიორთა დასახმარებლად, ევროკავშირმა მინისტერიალის დონეზე პოლიტიკური დიალოგის შესაძლებლობები უნდა გაზარდოს“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „მეტი მეტისთვის" პრინციპი წარმატებული აღმოჩნდა ეფექტიანი მმართველობის, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა სფეროში რეფორმების მხარდაჭერის თვალსაზრისით, სადაც პარტნიორები ამ რეფორმების მიმართ ერთგულებები არიან. თუმცა რეფორმათა მიმართ ერთგულება არ გამომჟღავნებულა იქ, სადაც პოლიტიკური ნება არ არსებობს. ასეთ შემთხვევაში, ევროკავშირი მოიკვლევს უფრო ეფექტიან გზებს, რათა პარტნიორებმა უფრო ფუნდამენტური რეფორმები გაატარონ, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების, ეკონომიკური და სოციალური აქტორების ჩართულობის გაზრდის გზით.
„სამეზობლო პოლიტიკის ქვეყნებისთვის კეთლდღეობის მხარდაჭერის მთავარი ინსტრუმენტი მათთვის ევროკავშირის ბაზრის გახსნა იყო. ზოგიერთმა მეზობელმა ევროკავშირთან უფრო მჭდრო ეკონომიკური ინტეგრაციის გზა აირჩია. ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავჭრო სივრცის ხელშეკრულება გაფორმდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან (საქართველო, უკრაინა, მოლდავეთი)" - ვკითხულობთ დოკუმენტში.
რაც შეეხება საერთო საავიაციო სივრცის მხარდაჭერას, დოკუმენტის თანახმად ეს იმ ხელშეკრულების იმპლემენტაციით მოხდება, რომელსაც ხელი საქართველომ, ისრაელმა, იორდანიან, მოლდავეთმა და მაროკომ მოაწერეს, ამასთან - ახალ ხელშეკრულებებზე მოლაპარაკებების გზით.
„ვაჭრობისა და ინვესტიციის შესაძლებლობების გასაზრდელად, ევროკავშირი სრული ენერგობაზრის სრულ ინტეგრაციას გააგრძელებს საქართველოსთან, მოდავეთთან და უკრაინასთან" - ნათქვამია დოკუმენტში.