საქართველოს მთავრობის მიერ გასულ კვირას გამოცემული განკარგულებით, მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრისა და სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის მიზნით, თბილისის განვითარების ფონდს გამარტივებული შესყიდვის უფლება მიეცა.
განკარგულებაში აღნიშნულია, რომ სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის 25 დეკემბერს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრების 40 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების სრულფასოვნად და მაღალი სტანდარტებით ჩატარებას ემსახურება.
როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, აღნიშნული განკარგულების საფუძველზე, სამუშაოების შესასრულებლად ხელშეკრულება შპს „ბკ კაპიტალთან“ დაიდო.
ხელშეკრულების მიხედვით, საჭირო სამუშაოების შესასრულებლად 1 000 000 ლარია გათვალისწინებული. დაფინანსების წყარო კი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის (თბილისის მერია) 2015 წლის საბიუჯეტო სახსრებია.
ხელშეკრულების თანახმად, კომპანიამ შემდეგი დასახელების სამუშაოები უნდა ჩაატაროს: მონოლითური რკინა-ბეტონის გვირაბი, ტაძრის გარშემოსავლელი ფილა, საყრდენი კედელი, საქვაბე, საზოგადოებრივი ტუალეტი და ჩილერების მოედანი.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სამუშაოების შესყიდვა ე.წ. „გამარტივებული შესყიდვის“ ფორმით მოხდა. გამარტივებული შესყიდვის დროს შემსყიდველი თავად ირჩევს კომპანიას, რომელთანაც კონტრაქტის გაფორმება უნდა და კონკურსის გარეშე აფორმებს მასთან ხელშეკრულებას. ტენდერის შემთხვევაში კი პროცედურები გამჭვირვალედ მიმდინარეობს, რისი ნახვაც ნებისმიერ მსურველს შესაბამის ვებგვერდზე შეუძლია.
რაც შეეხება შპს „ბკ კაპიტალს“, რომელთანაც თბილისის განვითარების ფონდმა აღნიშული ხელშეკრულება გააფორმა, მისი 33%-ის მფლობელი კანდიდ კვიციანია.
კანდიდ კვიციანი საქართველოს მე–7 მოწვევის პარლამენტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. იგი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი იყო, თუმცა გამარჯვება ვერ შეძლო.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე კანდიდ კვიციანის სახელი მას შემდეც გახდა აქტუალური, როდესაც სოზარ სუბარმა „ნაციონალურ მოძრაობა” კანონიერ ქურდებსა და ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებთან კავშირში ამხელა.
„ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართველი კანონიერი ქურდი, ვინც დღეს საქართველოს ფარგლებს გარეთაა, არის ტარიელ ონიანი, მისი მიხეილ სააკაშვილთან დამაკავშირებელი გახლავთ მისი ბიძაშვილი, მესტიაში მაჟორიტარობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობიდან”კანდიტ კვიციანი”, - აცხადებდა სოზარ სუბარი.